რეზონანსი
17.09.2018

 (რეზონანსი) სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვარ უდანაშაულო და გავრცელებული ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ,- ამის შესახებ ზუგდიდის ყოფილმა მერმა, ლაშა გოგიამ ბრიფინგზე განაცხადა,

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ობიექტური გამოძიების პირობებში მისი უდანაშაულობა დამტკიცდება.

"ჩემთვის თანამდებობაზე ყოფნა თვითმიზანი არასდროს ყოფილა - ჩემი მიზანი იმ სიმართლის დამტკიცებაა, რაც მაქვს და მჯერა, ჩვენს ქვეყანაში არსებული ობიექტური გამოძიების პირობებში ეს უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ",- განაცხადა გოგიამ.

ზუგდიდის ყოფილი მერი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე საუბრობს. გოგია მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

„გადავდექი მერის პოსტიდან, რათა არავის ჰქონდეს კითხვა, ჩემი თანამდებობაზე ყოფნით საქმის გამოძიებაზე რაიმე სახის ზეგავლენის მოხდენასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების მიღება და ამომრჩევლის დიდი ნდობის ვადაზე ადრე შეწყვეტა ჩემთვის ადვილი არ იყო, თუმცა საჭირო იყო ჩემი პრინციპებისა და სიმართლის დამტკიცებისთვის", -განაცხადა ლაშა გოგიამ.

ამასთან, მისივე თქმით, „ქართული ოცნების" დაარსების დღიდან იყო და იქნება მისი პრინციპებისა და იდეების ერთგული მებრძოლი. როგორც ყოფილი მერი ამბობს, პარტიის ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე რჩება.

"მე აღმოვჩნდი პროვოკაციის მსხვერპლი და დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას. დროებით",- განაცხადა ლაშა გოგიამ.

სუს-მა ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×