სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის იულიას მოწამვლის საქმეში კიდევ 2 ადამიანი ფიგურირებს. ამის შესახებ "სანდეი-მირორი" წერს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრ პეტროვი ლონდონში ექიმს და რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდნენ.
პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სასტუმროში ყოფნის დროს, ბოშიროვი და პეტროვი სავარაუდოდ მარიხუანას ეწეოდნენ და სექსმუშაკიც ჰყავდათ გამოძახებული. ამ ინფორმაციას ბრიტანულ ტაბლოიდთან სასტუმროს თანამშრომლები და სტუმრები ადასტურებენ.
პეტროვის და ბოშიროვის პასპორტები გაცემულია УФМС 770001-ის მიერ. Bellingcat-ისა და The Insider-ის მტკიცებით აქ პასპორტებს სამთავრობო პირები, ან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები იღებენ.
5 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ და სკოტლენდ იარდმა სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა. დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ისინი რუსეთის სამხედრო დაზვერვაში მუშაობენ.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მათ გამოაშკარავებაში ლონდონს ბრიტანელების მიერ გადაბირებული აგენტი დაეხმარა, რომლის კოდური სახელი „აპოლონია". სწორედ მან გაუმხილა ბრიტანულ სპეცსამსახურებს ეჭვმიტანილების სახელები.
რუსეთის „გრუ"-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით" მოწამლეს. სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. სკრიპალის მოწამვლას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა.
დიდი ბრიტანეთში ეს "ნოვიჩოკით "მოწამვლის უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა. საავადმყოფოში „ნოვიჩოკით" მოწამვლის გამო 9 ივლისს გარდაიცვალა 44 წლის დაუნ სტარჯესი, ხოლო მისი მეუღლე გადარჩა და ჩარლი როული გონს მოვიდა.
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ეიმსბერიში ბრიტანელები „ნოვიჩოკით" მოიწამლნენ.