
მოქალაქე ნიკუშა ფოლადიშვილის ინფორმაციით, მის ავტომობილს, რომელიც ღამით სადარბაზოსთან იყო გაჩერებული, საქარე მინა ჩაუმსხვრიეს და ავტომანქანიდან საფულე გაიტაცეს.
"დაგვიბრუნდა შავ-ბნელი 90-იანი წლები. დღეს მანქანას გაგიტეხავენ, ხვალ სახლში შემოგივარდებიან და ა.შ. ყველაზე სასაცილო ის ფაქტია, რომ იციან არასრულწლოვნების გაკეთებულია და პირდაპირ მეუბნებიან, აზრი არ აქვს მაინც ვერ დავიჭერთ, კანონი არ გვაძლევს მაგის უფლებასო. ესე იგი სანამ 18 წლის გახდებიან, ჩვენ ვიჯდეთ და ვუყუროთ როგორ იძარცვება ჩვენი საკუთრება", - წერს დაზარალებული მოქალაქე.
როგორც ფოლადაშვილმა "ამბებს" უთხრა, ეზოში მისი მანქანის გვერდით კიდევ ერთი მანქანაა გაძარცვული, საიდანაც მცირე ოდენობის თანხა და წვრილმანები გაიტაცეს მძარცველებმა.
"პატრული და კრიმინალური იყო და ანაბეჭდებიც აიღეს. თავად ივარაუდეს, რომ შესაძლოა არასრულწლოვნები იყვნენო. ჩემს უკან მანქანაც გაძარცვეს, ოღონდ იქიდან ხურდები წაიღეს და ტილოები მგონი. ჩემგან კი საფულე წაიღეს, თანხა და ბარათები. პირადობა და მანქანის საბუთები ჩემმა მეზობელმა იპოვა შემთხვევით, ძაღლს რომ ასეირნებდა დილას" - გვითხრა ფოლადიშვილმა.