საფრანგეთში, სტრასბურგში მომხდარი ავტოკატასტროფის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. 11 სექტემბერს, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს ორი მოქალაქე ქეთევან თუშიშვილი და მარიამ პაპიაშვილია.
რაც შეეხება საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელიც ამჟამად სტრაბურგის საავადმყოფოშია მოთავსებული, ის თამთა ოთარაშვილია. იგი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია და ხელოვნურად მართვის სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
უკვე მეორე დღეა, ქართველი ემიგრანტები საავადმყოფოს ტერიტორიაზე ღამეს ათენებენ.
სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან არასრულწლოვანი ბავშვებიც, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 4 თვის ბავშვს შემთხვევის შედეგად ელენთა დაუზიანდა.
„კვირას“ ინფორმაციით, 11 სექტემბერს თბილისიდან საფრანგეთში შვილისა და შვილიშვილების მოსანახულებლად, მარიამ პაპიაშვილი ჩავიდა. მას აეროპორტში ორი მანქანით მასპინძლები დახვდნენ.
ერთ-ერთ მსუბუქ ავტომანქანას, მარიამ პაპიაშვილის სიძის დედა, ქეთევან თუშიშვილი მართავდა, ავტომობილში 5 ადამიანი იჯდა. მათ შორის 2 ბავშვი. ამავე მანქანაში იჯდა 2 შვილის დედა თამთა ოთარაშვილიც. აეროპორტიდან სახლამდე, გზად ავტომანქანას ტრაილერი დაეჯახა, რის შედეგადაც საქართველოს ორი მოქალაქე, მარიამ პაპიაშვილი და ქეთევან თუშიშვილი ადგილზევე გარდაიცვალნენ. მარიამ პაპიაშვილის შვილს, თამთა ოთარაშვილს, კი თავის ქალა დაუზიანდა.
აღსანიშნავია, რომ მომხდარ ტრაგედიას გარდაცვლილ ქეთევან თუშიშვილის შვილი თოკო თუშიშვილიც შეესწრო, რომელიც სხვა მანქანაში იჯდა და ოჯახის წევრებს უკან მიჰყვებოდა.