(რეზონანსი) რაღა მარიხუანას ავითარებ, ჯერ ის განავითარე, რაც ადამიანს შეერგება მაინც, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
საყვარელიძე საქართველოში მარიხუანას კულტივირების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომელიც მის რეიტინგს ხელს არ შეუწყობს.
„ბევრი სიცილ-ხარხარი გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლება, რომელიც სიგარეტს კრძალავს, მარიხუანას ლეგალიზაციას აკეთებს. ნაბიჯები გაუგებარია. მარიხუანას ძლიერი ნარკოტიკული ეფექტი აქვს. ეს არ არის მძიმე ნარკოტიკი, მაგრამ ადამიანი მსუბუქ ნარკოტიკს რომ შეეჩვევა, მერე მძიმეზე უფრო ადვილად გადადის.
"პოლიტიკური ფსიქოლოგიის მხრიდან კიდევ ერთი საკითხია საინტერესო: ხელისუფლება ამ ნაბიჯს დგამს და წინაა არჩევნები, ნაბიჯი მოსახლეობის დიდ ნაწილში არ არის პოპულარული, მით უმეტეს, ემატება, რომ ამასთან დაკავშირებით სამღვდელოებამ პროტესტი გამოთქვა, მას კი თავის მრევლი ჰყავს, დიდი გავლენა აქვს. ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომელიც მის რეიტინგს ხელს არ შეუწყობს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული თემა „ქართული ოცნებისთვის" ანტირეკლამა გამოდის.