(რეზონანსი) დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტების გახშირების გამო, საკანონმდებლო პაკეტი მოამზადა.
"ბოლო პერიოდში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის იყო როგორც ცივი იარაღით, ასევე კისტის თოფითა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვეტერინარებმა შეძლეს არაერთი ცხოველის გადარჩენა, თუმცა, ზოგიერთი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა და ვერც დამნაშავის დასჯა მოხერხდა.
სწორედ ასეთი შემთხვევების გამო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიცირებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სრულებით ეხმიანება დღეს არსებულ გამოწვევებს და ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისა და მათი მოკვლის შემთხვევაში" - აღნიშნა კახი კალაძემ.