(რეზონანსი) ზუგდიდის გადამდგარი ვიცე-მერი გია გულორდავა თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად სახსრების ტკივილს და ნესტიანი ჰაერს ასახელებს.
გულორდავამ პირველი კომენტარი ადგილობრივ მედიასაშუალებას STV-ს მისცა.
"მე მართლაც დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ და შეგიძლიათ ამის შესახებ მერიის პრესცენტრს მიმართოთ, თუმცა გეტყვით, სახსრების ტკივილი დამეწყო ამ ნესტიან ჰაერში და გადავწყვიტე საცხოვრებლად აღმოსავლეთ საქართველოში წავიდე",-აცხადებს გია გულორდავა.
STV-ს კითხვაზე იცნობს თუ არა ბიზნესმენ ზურაბ კვირტიას და სმენია თუ არა მასთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე, გია გულორდავამ განაცხადა:
"ძალიან გთხოვთ ასეთ კითხვებს ნუ მისვამთ. არ მსმენია და არც ვიცი რა ჩანაწერებზეა საუბარი, თუმცა გიდასტურებთ, რომ ბიზნესმენ ზურაბ კვირტიას ახლოს ვიცნობ და მქონდა მასთან ურთიერთობა"-აცხადებს გია გულორდავა.