ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ განასკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევიან ის აბიტურიენტები, რომლებიც მაღალი ქულებით ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებლებში და საკუთარი ცოდნით მოიპოვეს სწავლის დაფინანსება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლეები ნია, ნინი და ვიოლეტა შაქარიშვილები 100%-იანი გრანტის მფლობელები გახდნენ. ისინი გარდა იმისა, რომ ბიძაშვილები არიან, ერთ კლასშიც სწავლობდნენ.
"ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. სამწუხაროდ, სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე, თუმცა ამან სამომავლოდ სტიმული მომცა და აბიტურიენტობისას მეტად დავიხარჯე. ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე სამართალზე. სკოლა, რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობს განათლებისა და ცოდნის მიღებაში, გვყავდა საამაყო მასწავლებლები, სწორედ მათ მასწავლეს შრომისმოყვარეობა, მაგრამ ვფიქრობ, იმისათვის, რომ გამოცდებზე კარგ შედეგებს მიაღწიო, სასკოლო განათლება არ არის საკმარისი. აქვე ვაღიარებ იმასაც, რომ ბევრი რამ თავად აბიტურიენტზეა დამოკიდებული", - ამბობს "მშობლები.ჯი"-სთან ვიოლეტა შაქარაშვილი.