პეტრე გვერდიდან არ იშორებდა მეფე არჩილ მეორის შვილებს - ალექსანდრესა და მამუკას, რომლებიც ნამდვილი ძმებივით უყვარდა
ია აბულაშვილი
13.09.2018

 პეტრე პირველის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე უამრავი მასალა არსებობს როგორც რუსულ, ასევე ქართულ ისტორიოგრაფიაში, მაგრამ ჩვენი მკითხველისათვის ალბათ საინტერესო იქნება იმ ისტორიების გახსენება, თუ რა კავშირი ჰქონდა პეტრე დიდს ქართველებთან.

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, პეტრე დიდი ქართველების გარემოცვაში იზრდებოდა, იმ დროს უამრავი წარჩინებული და განათლებული ქართველი მოღვაწეობდა რუსეთის მეფის კარზე. იგი გვერდიდან არ იშორებდა მეფე-პოეტ არჩილ მეორის შვილებს - ალექსანდრესა და მამუკას, რომლებიც ნამდვილი ძმებივით უყვარდა.

პეტრე დიდის ბატონიშვილებთან სიახლოვე მარტო მეგობრობა არ ყოფილა, მის პოლიტიკასა და დიპლომატიურ საქმიანობაში გადამწყვეტი სიტყვა ალექსანდრე ბატონიშვილს ეკუთვნოდა.

საშინაო პოლიტიკაში კი, სამხედრო რეფორმა, რომელიც ალექსანდრე ბატონიშვილმა რუსეთის არმიაში გაატარა, რუსეთის არმიის შემდგომი ბრძოლების გამარჯვების საფუძველი გახდა.

სადაც პეტრე წავიდოდა, ალექსანდრე ბატონიშვილიც თან ახლდა. ასე იყო 1697 წლის მარტს, როცა პეტრე პირველი 1250-კაციანი ამალით ევროპაში გაემგზავრა, მას თან ახლდა ქართულ სამეფო ტანსაცმელში გამოწყობილი ალექსანდრე ბატონიშვილი, რუსეთის არტილერიის პირველი სარდალი, ფელდცეიხმაისტერი.

"1698 წელს კი, როდესაც 15-კაციანი ამალით ლონდონში ჩავიდა, იქ პეტრესა და ალექსანდრეს ერთ ოთახში ეძინათ. ასე რომ, ალექსანდრე ბატონიშვილი პეტრე პირველის ყოველგვარი საქმიანობის მუდმივი წევრი იყო გართობა-თამაშობების დროსაც.

დიდ რუს მწერალ ალექსეი ტოლსტოის, ვინც პეტრე პირველის ცხოვრების შესახებ წერდა რომანს, სტალინისათვის უჩვენებია საბუთები, საიდანაც თითქოსდა მტკიცდებოდა, რომ პეტრე პირველი წარმოშობით ქართველი იყო.

სტალინმა ამ საბუთების გამოქვეყნების უფლება არ მისცა და უთქვამს, რუსებს ნიჭიერი ეკატერინეს გერმანელობა და ჩემი ქართველობა ვერ მოუნელებით და ახლა კიდევ პეტრე პირველის ქართველობა ხომ სრულიად თავზარს დასცემსო.

ალექსეი ტოლსტოის ქვრივს, ლუდმილა კრესტინსკაიას კი ამ საბუთებთან დაკავშირებით ასეთი რამ უთქვამს: "ჩემმა მეუღლემ არქივში აღმოაჩინა ნატალია კირილეს ასულის წერილები ერეკლესადმი. ისინი მოწმობენ მის ფიზიკურ სიახლოვეს ქართველ უფლისწულთან. ალექსეიმ მიჩვენა ამონაწერი ამ ბარათიდან.

იოსებ სტალინს რამდენჯერმე ჰქონდა შეხვედრა ალექსეი ტოლსტოისთან... ერთ-ერთი შეხვედრის დროს იოსებ სტალინს უკითხავს ალექსეი ტოლსტოისთვის: "თქვენ გსურთ, ეს დოკუმენტი გამოიყენოთ რომანში?" და დაუყოლებია: "არ გირჩევთ და ჩემი თხოვნაა, საერთოდ ნურავის ნურაფერს გაუმხელთ ამ დოკუმენტების არსებობის შესახებ.

"რუსეთს ორი განსაკუთრებით ნიჭიერი, გამჭრიახი და ფოლადის ნებისყოფის მმართველი ჰყავდა - ივანე მეოთხე (მრისხანე) და პეტრე დიდი. ივანე არ იყო წარმოშობით რუსი. ის რიურიკოვიჩების შტოს წარმომადგენელია. ახლა გამოდის, რომ პეტრეც არ ყოფილა რუსული წარმომავლობის... ამიტომ გთხოვთ, ამას ნუ იზამთ!"

შემდეგ იოსებ სტალინს დაურეკავს ჟდანოვისათვის და უთქვამს, რომ სახელმწიფო არქივის დირექტორისთვის მიეცა კატეგორიული მითითება, რათა ნატალია ნარიშკინას წერილები მოეთავსებინათ საიდუმლო ფონდში და არ გაეცათ მკვლევარებისათვის.

ბოლოს იოსებ სტალინს უთქვამს ალექსეი ტოლსტოისთვის - "ახლა მესმის, რატომ იყო პეტრე ასეთი ყოჩაღი - მის ძარღვებში ხომ სამი მეფური სისხლის ნაკადი ჩქეფდა: რიურიკების, ბაგრატიონებისა და ცოტა - რომანოვებისაც.

"კი მაგრამ, რიურიკებისა რატომ?" - შეეკითხა ალექსეი ტოლსტოი. ის დარწმუნებული იყო, რომ იოსებ სტალინს რაღაც შეეშალა და რიურიკების მოხსენიება პეტრეს უშუალო წინაპრებში უადგილო იყო.

იოსებ სტალინს გაკვირვებია - "როგორ, ასეთმა ერუდიტმა რუსეთის ისტორიის საკითხებში არ იცით, რომ პირველი რომანოვი მეფე მიხეილ თედორეს ძის დედა ივანე მეოთხის (მრისხანეს) ღვიძლი და იყო და მაშასადამე - რიურიკი?"

"ლუდა", - მითხრა ამ შეხვედრის შემდეგ ალექსეიმ - "ვერ გამიგია, როდის მოასწრო ამ ქართველმა ასეთი ფართო ცოდნის შეძენა. რევოლუციამდე არალეგალური მუშაობა, ციხეები და გადასახლებები, მერე სადღეღამისო პრაქტიკული მუშაობა, ეს ნამდვილი სასწაულია".

ამბავი ნატალია ნარიშკინასა და უფლისწულ ერეკლეს შესახებ

რუსეთის მეფე მიხეილ თედორეს ძემ პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ცოლად შეირთო ნატალია ნარიშკინა, ულამაზესი ქალი, რომელიც 22 წლით უმცროსი იყო განუკურნებელი სენით დაუძლურებულ ალექსეი მიხეილის ძეზე.

ერთხელ, მოსკოვის მსროლელთა კორპუსის უფროსმა, პოლკოვნიკმა ანტამონ მატვეევმა, მეფე ალექსი მიხეილის ძე სანადიმოდ დაპატიჟა. ნადიმზე მოპატიჟებული იყო არტამონ მატვეევის ახლო ნათესავი, 17 წლის ნატალია ნარიშკინა, რეიტერთა პოლკოვნიკ კირილე ნარიშკინის ქალიშვილი. მოეწონა.

ნატალია ნარიშკინას მოეწონა თუ არა მოხუცებულობაში ფეხშედგმული 22 წლით უფროსი, წყალმანკიანი ალექსი მიხეილის ძე, არავინ იცის, მაგრამ თანხმობა განაცხადა თუ განაცხადებინეს და 1671 წლის 22 იანვარს ქორწილიც დაინიშნა.

მეფე-დედოფლის ჯვრისწერისა და ქორწილის მთავარ განმკარგულებელად დაინიშნა 25 წლის "ტისიაცკი" - სუფრაჯი, ხელისმომკიდე ერეკლე, ქართლის მეფე-პოეტ თეიმურაზ პირველის შვილიშვილი, რომელიც სიყმაწვილიდან რუსეთის სამეფო კარზე იმყოფებოდა და რომელსაც ისეთივე პატივს სცემდნენ, როგორც მეფის ნამდვილ შვილს.

მეფე ალექსი მიხეილის ძე ერეკლეს გვერდიდან არ იშორებდა, სადაც კი წავიდოდა, თან მიჰყავდა. 1654 წლის 18 მაისს ალექსი მიხეილის ძემ ომი დაიწყო პოლონეთ-ლიტვის მეფე კაზიმირთან; ომში იმპერატორმა თან წაიყვანა ქართულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი უფლისწული ერეკლე, რუსეთის ჯარს კი წინ მიუძღოდა მარიამ ღვთისშობლის ქართული ხატი.

სუფრაჯის მოვალეობა იყო სტუმრების მიწვევა, უცხოელებთან შეხვედრა, საჩუქრების მიღება, ქორწილზე სიტყვის მიცემის ნებართვა და სხვა.

"სუფრაჯი ნათლიაა, იგივე სიძის მამობილი, საქორწილო წესების განმკარგულებელი, უცვლიდა საქორწინო ბეჭდებს შეუღლებულებს, იხდის ქორწილის ფულს და შეუღლებულნი სახლში მიჰყავს", - წერდა რუსი ლექსიკოგრაფი ვლადიმე დალი.

აი ამ ქორწილიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, 1672 წელს დაიბადა უფლისწული პეტრე, მზესავით მანათობელი და პირბადრი სავსე მთვარესავით. სრულიად ჯანმრთელი და ფიზიკურად ძლიერი. სრულიად არ ჰგავდა წყალმანკითა და ნევრასთენიით დაავადებულ, ავადმყოფ ალექსი მიხელის ძის არც ერთს 13 შვილთაგან, რომლებიც მას პირველი ცოლიდან ჰყავდა.

ამ ცამეტიდან სამი ძლივს შემორჩა, წყალმანკიანი თეოდორე, ნევრასთენით დაავადებული სოფიო (ვინც წლების შემდეგ უმტკიცებდა სამეფო კარს, რომ პეტრე არ იყო ალექსი მიხეილის ძის შვილი და ამდენად, მას არ ჰქონდა ტახტზე ასვლის უფლება) და გონებაჩლუნგი ივანე. ისინი იმდენად ძლიერად იყვნენ დაავადებულნი, რომ მათ ტანჯულ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობდა.

ალექსი მიხეილის ძე გარდაიცვალა, როდესაც პეტრე სულ რაღაც 3 წლის თუ იქნებოდა. იმ დროს რუსეთში მოღვაწე ქართველებს ხშირად სმენიათ, რომ არსებობს ნატალია ნარიშკინას უამრავი წერილი, რომელშიც ერეკლეს, როგორც მამას, მოუთხრობს თავის შვილ პატრეზე: თუ როგორ იზრდება, როგორ ვაჟკაცდება, რა თვისებისაა და ა.შ.

იმასაც ამბობდნენ, რომ რუსეთის სამეფო კარი და თვით ალექსი მიხეილის ძე ხედავდა, რომ ტახტის მემკვიდრე არ რჩებოდათ. მათი თათბირითა და, რასაკვირველია, ალექსის თანხმობით გადაწყვიტეს დედოფალ ნატალია ნარიშკინას დაახლოება მეფისწულ ერეკლესთან.

"რადგან სხვანაირად ფიქრიც არ შეიძლებოდა, როგორ შეეძლო მეფისწულ ერეკლეს, ნახევრად ლტოლვილს რუსეთის სამეფო კარზე მიკარებოდა დედოფალს, ნატალია ნარიშკინას, ვინ შეუშვებდა დედოფლის საძინებელ ოთახში. თუნდაც ფარულად, ნატალია ნარიშკინას სურვილიც რომ ყოფილიყო, თავსაც არ წააგდებინებდნენ, მეფის წინდახედულობითა და თანხმობით ერეკლეს უნდა ეხსნა რუსეთის ტახტი და რომანოვების გვარის დაქცევა", - წერს ერთ-ერთი ისტორიული წყარო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×