"ბევრ ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ, რომლებიც ბაზარს ნორმალური განვითარების საშუალებას არ აძლევს"
მარი ჩიტაია
13.09.2018

 საბანკო რეგულაციების უმეტესობა საბაზრო მოთხოვნების საპირისპიროდ წესდება. ერთი მხრივ, მთავრობა მეწარმეობის დაცვას ცდილობს, მაგრამ ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ამით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას სპობენ. სპეციალისტების აზრით, შესაძლოა, ამ რეგულაციების გადახედვის საჭიროება მალევე დადგეს.

მთავრობამ წარმოადგინა ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, კრედიტის ლარში აღება სავალდებულოა და ეს ზღვარი 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე იზრდება. აკრძალვა იურიდიულ პირებსა და სხვა სუბიექტებზე, მათ შორის ამხანაგობებზეც გავრცელდება. ამასთან, ლარიზაციის კამპანიის ფარგლებში, პრემიერმა ლიზინგით საქონლის შეძენის პროცესში ახალი შეზღუდვაც დააანონსა. საუბარია სალიზინგო ნივთის ღირებულების ლარში განსაზღვრაზე.

"ამით დავაზღვევთ რისკებს, რომლებიც, სამწუხაროდ, დაფიქსირდა 2016-17 წლებში. ჩვენი ამოცანაა, საქართველო იყოს ნაკლებად მოწყვლადი გარე რისკების მიმართ", - აცხადებს მამუკა ბახტაძე.

რა რისკებზე საუბრობს პრემიერი, ექსპერტების უმრავლესობისთვის, ცოტა არ იყოს, გაუგებარი აღმოჩნდა. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი რეგულაცია ბაზრის გაფართოებას ზღუდავს და თავად უქმნის რისკს ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარებას.

საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი ამბობს, რომ მკაცრი რეგულაციის პირობებში მცირე მეწარმეების ნაწილი ბაზარს ჩამოშორდება, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკას შეუქმნის საფრთხეს.

"კრედიტი ნიშნავს, რომ ადამიანმა აიღოს ნებისმიერი მოცულობის თანხა, რაც მას ამა თუ იმ მიზნით სჭირდება. მინიმალური ზღვარის დაწესება ნიშნავს, რომ მთელი რიგი მეწარმეები ბაზარს ჩამოშორდებიან, რაც განსაკუთრებით მიკრომეწარმეებს დააზარალებს. ასეთი რეგულაციები ხელს არ უწყობს ბაზრის გაფართოებას, პირიქით, განაპირობებს ბაზრის შეზღუდვასა და სესხების წარმართვას გარკვეული კონტინგენტისკენ, რომელსაც დიდი რაოდენობით კრედიტებზე მიუწვდება ხელი. ასეთია მსხვილი მეწარმეები.

ეკონომიკა მცირე წარმოებას, მეწარმეობას ემყარება, რომლის დიდი ნაწილი, ახალი რეგულაციის გამო, შესაძლოა, ფინანსური რესურსის გარეშე დარჩეს. როცა პრემიერ-მინისტრი რიკზე საუბრობს, საკითხავია ისიც, თუ რომელი რისკისგან ცდილობს ბაზრის დაცვას ან რას გულისხმობს.

ბევრი რამ უცნაურად მეჩვენება, რაც მაფიქრებს, რომ რეგულაციებს იღებენ ისე, რომ ბაზრის მოთხოვნები და პრინციპები სათანადოდ არ აქვთ გაცნობიერებული. იმდენად მკაცრ შეზღუდვებს აწერენ ხელს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ რეგულაციების გადახედვა მოუხდებათ. ბევრი გადაწყვეტილებაა ისეთი, რომლებიც ბაზარს ნორმალური განვითარების საშუალებას არ მისცემს", - ამბობს "რეზონანსთან" თოქმაზიშვილი.

მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემაზე აკეთებს აქცენტს ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილიც. მისი შეფასებითაც, საკრედიტო თანხის ლიმიტირებით მთავრობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, რაც მცირემეწარმეობას განვითარების შანსს უსპობს.

"საკრედიტო პოლიტიკა მოთხოვნასა და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას უნდა მოერგოს. სასესხო ზღვარი, რაც ამ შემთხვევაში შესაძლოა, დაწესდეს, მხოლოდ ნეგატიურ შედეგს მოიტანს. ერთს ამბობენ და საპირისპიროს აკეთებენ. თითქოს დაანონსებულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება და ამასთანვე მინიმალურ ლიმიტს ზრდიან. ეს ცუდად იმოქმედებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, რომელიც სესხს თავისი საქმიანობის გასაფართოებლად ითხოვს.

ეს რეგულაცია არაფრისმომცემია და მხოლოდ უარყოფითი შედეგის მომტანად შეიძლება, მივიჩნიოთ. რას ეფუძნებოდა მთავრობის გადაწყვეტილება, ძნელად გასარკვევია. არავითარი საღი აზრი ამასთან დაკავშირებით არ მომისმენია. უცნობია ისიც, ვინ წერს ამ რეგულაციებს და რას ეყრდნობა, რის შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებებს.

დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, არის მავნებლობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რადგან ყოველგვარი განვითარების შესაძლებლობას უსპობენ მცირე და საშუალო ბიზნესს. კერძო პირებზე ვერაფერს ვიტყვი, რომლებსაც შეიძლება, მცირე სესხებზე ჰქონდეთ მოთხოვნა და ამ შესაძლებლობასაც არ უტოვებენ. საბოლოოდ ჩრდილოვანი ბაზრის, მევახშეობის განვითარებას აძლევენ სტიმულს და ამის გაკონტროლება საკმაოდ რთულია. მსგავსი გადაწყვეტილება ყოველთვის დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს", - განუცხადა "რეზონანსს" ხომიზურაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×