რეზონანსი
12.09.2018

 პროკურატურა კალათბურთის ფედერაციაში გამოძიებას ადასტურებს. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების ცნობით, საქმე ეხება ფედერაციასა და ესპანეთის კლუბ „ბასკონიას“ შორის დადებულ ხელშეკრულებას.

ფედერაციამ 2014 წლის 24 სექტემბერს ესპანურ კლუბ “ბასკონიასთან” 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ფედერაცია ამ წლების განმავლობაში კალათბურთის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 15 პროცენტს ესპანეთში გზავნის. ამ დროს ფედერაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ხელშეკრულების ღირებულება 2,5 მილიონი ევროა. ამ თანხის სანაცვლოდ საქართველოში ყოველწლიურად ე.წ. საკალათბურთო „კემპი” იმართება, სადაც საუკეთესო  ბავშვებს არჩევენ და საწვრთნელად ესპანეთში გზავნიან. ამავე თანხით ქართველი მწვრთნელებიც უნდა გადამზადდნენ ესპანეთში.

ხელშეკრულების თანახმად, თუ 2024 წლამდე “ბასკონიაში” გაგზავნილი ქართველი კალათბურთელები სხვა დიდ კლუბებთან პროფესიონალურ კონტრაქტს ხელს მოაწერენ, ქართული და ესპანური მხარეები სატრანსფერო თანხას თანაბრად გაიყოფენ.

თუმცა გამოძიებამ აჩვენა, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული კალათბურთელები ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, შეიძლება, არც გაიყიდონ. შესაბამისად, ამ პროექტიდან მოგების მიღებაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. კონტრაქტი 2019 წელს სრულდება, საქართველოს კი ამ დრომდე რომელიმე კალათბურთელის გაყიდვიდან წილი არ მიუღია.

მაღალი რანგის საჯარო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გაფლანგვისა და მითვისების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურას ერთ-ერთი კალათბურთელის, ლუკა ბულაშვილის მამამ, ლევან ბულაშვილმა, 2018 წლის 26 თებერვალს მიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×