(რეზონანსი) "იბერიას" საქმე - მთავარ პროკურატურამ ფარულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება დაიწყო.
საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერს. სადაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ფიგურირებს.
სანდო წყაროს მტკიცებით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი და „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ესაუბრება. ჩანაწერში ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს სწორედ მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი 2 მილიონს ითხოვდა.
"12 სექტემბერს, ქ.თბილისის პროკურატურამ მედიაში გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რომელიც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.
გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ ლ.ყ.-ს და ზ.ო.-ს შორის შედგა და სადაც საუბარია ორი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზებაზე.
ამასთან, აუდიოჩანაწერში დაფიქსირებულ გარემოებებთან კავშირი, 2018 წლის 11 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით უარყო ბიზნესმენმა უ.მ.-მ, რომლის სახელიც, სავარაუდოდ, საუბარში ფიგურირებს.
გამოძიების ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით, ჩატარდება სრულყოფილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას"- წერია პროკურატურის განცხადებაში.