(რეზონანსი) განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილი გადაწყვეტილებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რამდენიმე დღეა ხელმძღვანელის გარეშეა დარჩენილი. მაია მიმინოშვილი მინისტრმა ორი დღის წინ გაათავისუფლა.
„ჩვენ არ ვარჩევთ. იქნება პროცედურის მიხედვით. გამოცხადდება კონკურსები, როგორც პროცედურა მოითხოვს და შესაბამისი საკონკურსო პროცედურის გავლის შემდეგ შეირჩევა ის კანდიდატურები. ანუ პროცედურას დავიცავთ, როგორც არის კანონით განსაზღვრული", - აღნიშნა ბატიაშვილმა EDU.ARIS.GE-ისთან საუბარში.
კითხვაზე ხომ არ იგეგმება მისაღები გამოცდების ფორმატის შეცვლა, მინისტრმა EDU.ARIS.GE-ის რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ღიად არ უპასუხა და აღნიშნა, რომ სიახლეებზე განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე ისაუბრებს.
„რეფორმის პრეზენტაცია იქნება მალე, სადაც იქნება საუბარი არამხოლოდ ამაზე, არამედ სკოლამდელ განათლებაზეც, სკოლაზეც და საერთოდ მთლიანად სისტემაზეც", - განაცხადა ბატიაშვილმა.