სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მაღალჩინოსნებთან და ოლიგარქებთან ჩხრეკის ჩატარების განკარგულება გასცა. ამგვარად ნიკოლ ფაშინიანი ინტერნეტში სომხეთის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა.
სომხეთის პრემიერი სატელეფონო საუბრების მოსმენას ღალატი და სომხეთის წინააღმდეგ შეთქმულება უწოდა. როგორც ფაშინიანმაგანაცხადა, მან უსაფრთხოების სამსახურსა და პოლიციას დაავალა, უმოკლეს ვადაში გამოავლინონ შეთქმულების მონაწილეები და უმკაცრესი პასუხისმგებლობა დააკისრონ.
პრემიერის თქმით, ზოგიერთმა ოლიგარქმა და მაღალჩინოსანმა ქვეყანაში საკუთარი უსაფრთხოების ძალები და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები შექმნა, ამიტომ სომხეთის პრემიერმა სამართალდამცველებს მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქების დაცვის წევრების განიარაღება მოსთხოვა.
„ჩვენ განვაიარაღებთ ყველა დაჯგუფებას, რომელსაც უკანონო იარაღი ექნება. ვავალებ პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურს, ამ მომენტიდან დაიწყონ რეიდები, დააწვინონ ასფალტზე ოლიგარქებისა და მაღალჩინოსნების დაცვის ყველა წევრი და განაიარაღონ ისინი“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერის განცხადებით, ის ყველა დაკავებაზე პირადად იღებს პასუხისმგებლობას. მან ასევე ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანსა და ექსპრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ძმას – ალექსანდრ სარგსიანს ხალხისთვის „მოპარული ფულის“ დაბრუნება მოსთხოვა.