საქართველოში კანაფის წარმოების საკითხი შესაძლოა, მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდეს კონფერენციაზე, რომელიც საპატრიარქოს ორგანიზებით ხვალ, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა. პატრიარქის მდივნის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, კონფერენციის მოწყობა საპატრიარქომ ზაფხულში დაგეგმა, თუმცა საქართველოში მარიხუანას წარმოების შესახებ ბოლო წუთებში გავრცელებული ინფორმაციაც ამ კონფერენციაზე მსჯელობის საგანი გახდება და საპატრიარქო თავის პოზიციას იქ დააფიქსირებს.
"საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით, ხვალ, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 10:00 საათზე დაიწყება კონფერენცია, რომელიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციის თემას ეძღვნება. იქ იქნება მსჯელობა ინფორმაციაზე, რომელიც ამ წუთებში ვრცელდება. კონფერენციის ჩატარების სურვილი ზაფხულში გაჩნდა. ჩვენ ვცდილობთ, საზოგადოებას დავანახოთ, რა დამანგრეველი შედეგი შეიძლება მოყვეს ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციას. ამ კონფერენციაზე ეს საკითხი, რაც ახლა გახმაურდა, ერთ-ერთი ნომერ პირველი მსჯელობის საგანი გახდება", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელმა.
მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.