რეზონანსი
11.09.2018

 (რეზონანსი) „ვინ არის თქვენი ბოსი?" - ეს კითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გავლენიანი ამერიკული გამოცემის „ფაინენშალ თაიმსის" ჟურნალისტმა, თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე დაუსვა. ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე, მამუკა ბახტაძეს განმარტებების გაკეთება უცხოელი ანალიტიკოსების წინაშე მოუწია.

„მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით, დილიდან საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ყველა გავლენიანი დასავლელი ექსპერტი საქართველოშია.

ედუარდ ლუისის კითხვას, „ვინ არის შენი ბოსი" პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ იგი ანგარიშვალდებულია მხოლოდ ქართველი ამომრჩევლის წინაშე:

„თუ შეიძლება უხეშ კითხვას დაგისვამთ, ანგარიშვალდებული ხართ ივანიშვლთან? ვინ არის თქვენი ბოსი?", - ჰკითხა პრემიერს ედუარდ ლუისმა.

„მე ანგარიშვალდებული ვარ იმ ხალხთან, რომლებმაც ხმა მისცეს „ართულ ოცნებას", ეს აშკარაა, დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციები, საუკეთესო პასუხი რეალური სტატსტიკა და რეალური ციფრებია. ჩვენი დემოკრატიის ინტერესი არ არის შევადაროთ რა იყო წარსულში და რა გვაქვს დღეს, პროგრესი დიდია და მიღწევებიც ბევრია, მომავალზე ფიქრი უნდა გავაგრძელოთ, უნდა მოვახდინოთ მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდირება, გამოწვევებთან გასამკლავებლად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ედუარდ ლუისმა პრემიერს კონკრეტულად ივანიშვილზეც დაუსვა კითხვა:

"რაც შეეხება ქართულ დემოკრატიას და არჩევნებს, მინდა გკითხოთ თქვენი პარტიის ლიდერის და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შესახებ. ის ძალიან მდიდარი ადამიანია, მისი აქტივები მთლიანი შიდა პროდეუქტის მესამედია, ოლიგარქიული სიტუაციის მსგავსი ვითარებაა, აყენებს თუ არა ჩრდილს ეს ქართულ დემოკრატიას?"

პრემიერის განმარტებით, ოლიგარქიული სიტუაცია არ არის შექმნილი.

„ბევრი მიზეზის გამო გეტყვით, რომ არ არის ოლიგარქიული სიტუაცია, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების" დამფუძნებელია და თავმჯდომარეა. მან მოიგო არჩევნები 2012 წელს, საუკეთესო პასუხი თუ რა დიდი ცვლილება მოუტანა ამ არჩევნებზე ქვეყანას, საერთაშორისო რეიტინგებია, როგორი გაუმჯობესდა ჩვენი პოზიცია ყველა მიმართულებით, მედიაპლურალიზმის, ადამიანის უფლებების, კერძო სექტორის, ბიზნესის დაცვის, გამჭვირვალეობის თვალსაზრისით. ეს კონკრეტული მიღწევებია. ჩვენ დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ჭეშმარიტი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის სწორ გზაზე ვართ,"- აღნიშნა მამუკა ბახტაძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×