სკოლები სწავლის დაწყებას სიახლეებით ხვდებიან. შემოდის ახალი საგანი „მე და საზოგადოება“. პირველ-მეექვსე კლასებში შეიცვალა სახელმძღვანელოები. ამასთან, შეიცვალა გაკვეთილების ხანგრძლივობაც სხვადასხვა კლასისთვის: პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 35 წუთით, გაკვეთილების ხანგრძლივობა მე-2 კლასში 5 წუთით შემცირდა და 45 წუთის ნაცვლად, 40–წუთიანი გახდა; 45 წუთიანი იქნება გაკვეთილები მე-3 და მე-12 კლასებში.
პირველი-მეექვსე კლასებისთვის განახლდა სახელმძღვანელოები, წონა განახევრებულიაა. პირველი-მეოთხე კლასის სახელმძღვანელოების წონა არ აღემატება 200 გრამს, მეხუთე-მეექვსესი 250 გრამს (თითო სახელმძღვანელოს წონა). სახელმძღვანელოები დაიყო ნაწილებად. ზოგი 2 ნაწილად დაიყო, ზოგი 3 ნაწილად შინაარსიდან გამომდინარე.
რადგანაც პირველი კლასი საანბანე პერიოდია, სამინისტროს გადაწყვეტილებით, უცხო ენის სწავლება პირველი კლასის მეორე სემესტრიდან დაიწყება და ის ძირითადად ზეპირმეტყველებაზე იქნება ორიენტირებული. უკვე მეორე კლასიდან როდესაც დამთავრებულია საანბანე პერიოდი, შემოვა ნელ-ნელა წერის კომპონენტი უცხოურ ენაში.
აქცენტი გაკეთდა და საათები დაემატა ფიზიკურ აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებს. თუ იყო 2-საათიანი დატვირთვა კვირაში, პირველ-მეოთხე კლასში, ახლა გახდა კვირაში 3 საათი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჩიქობავა "ედუ.არის.ჯი"-სთან ამბობს, რომ ბოლო დროს ევროპული ენების სწავლება გადავიდა მილევად რეჟიმში.
"მოხდა ისე, რომ წლების წინ მასობრივად დაითხოვეს ფრანგულის და გერმანულის მასწავლებლები სკოლიდან და რუსულ ენას მიენიჭა უპირატესობა. ძალიან გვინდა, რომ ევროპული ენების სწავლება გაძლიერდეს. რუსულ ენას არაფერს ვერჩით, ერთ-ერთ არჩევით უცხო ენად რჩება, მაგრამ გვინდა, რომ ევროპული ენების არჩევის მეტი შესაძლებლობა გავაჩინოთ სკოლაში. ვითანამშრომლეთ იტალიის საელჩოსთან. გავაკეთეთ სტანდარტი და უკვე წელს რამდენიმე სკოლაში შემოვა იტალიური ენა.
წელსაც ყველა პირველკლასელი და პირველი კლასის პედაგოგები მიიღებენ ბუკებს. ვგეგმავთ მთელ რიგ ღონისძიებებს, უფრო ინტენსიურად და მიზნობრივად რომ მოხდეს ბუკების გამოყენება სასწავლო პროცესში და არა თამაშისთვის, როგორც ზოგიერთ შემთხვევაში ხდება", - განაცხადა ჩიქობავამ.