ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე იმ კანონპროექტის ძირითად პრინციპებზე იმსჯელეს, რომელსაც ახლა შსს ამზადებს და რომელიც მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ მცდარ წარმოდგენებს წერტილს დაუსვამს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ის საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიქმნა, დროულად უნდა აღმოიფხვრას.
„არის საუბარი ასაკის მკაცრ რეგლამენტაციაზე. საუბარია იმაზეც, რომ მხოლოდ პირად სივრცეში შეიძლებოდეს მოწევა. ამის გარდა, კონკრეტულ პროფესიებზე, რომლებზეც შეზღუდულია მოხმარება, მათ შორის საჯარო სამსახურებზე და იმ პროფესიებზე, რომლებსაც ადამიანის ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან აქვთ საქმე. საერთოდ, ყალბია წარმოდგენა, რომ მარიხუანა ყველგან დაშვებულია, ჩვენ ამას მოვაგვარებთ“, – განმარტა ზოიძემ.