(რეზონანსი) გარდაბნის გზატკეცილზე შენობის ჩამონგრევის შედეგად სამი არასრულწლოვანი დაშავდა. მომხდარ უბედურ შემთხვევას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ეხმაურება. მინისტრი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მივიდა, სადაც ერთ-ერთ დაშავებული გადაიყვანეს, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.
„ორი მათგანი აქ ამ კლინიკაში იმყოფება. ერთის მდგომარეობა საშუალო არის, საშუალოს და მსუბუქს შორის. პირველადი კვლევით, რაიმე მძიმე დაზიანება არ აღენიშნებათ, თუმცა ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დარჩეს. მეორე პაციენტთან უფრო მეტი დაზიანება არის, ის ახლა გადის დამატებით კვლევას და მასთან სავარაუდოდ, ოპერაციული ჩარევა იქნება საჭირო, თუმცა, საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქირურგიული ოპერაციის შედეგად ამ დაზიანებების მართვა შეიძლება. რაც შეეხება მესამე პაციენტს, მისი მდგომარეობა დანარჩენებთან შედარებით უფრო მძიმე არის და მას უახლეს წუთებში ვნახავ," - განაცხადა მინისტრმა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.