საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ტელეკომპანია „იბერიის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მისი თქმით, ბიზნესმენებმა თავიანთი ფინანსური პრობლემები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად არ უნდა შეაფასონ და მეწილეებმა ერთმანეთთან ურთიერთობები სახელმწიფოს ჩარევის გარეშე უნდა გაარკვიონ.
„მგონია, ძალიან არასწორი მიდგომაა, როდესაც ბიზნესმენები თავიანთ ფინანსურ პრობლემებს ნათლავენ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად. „იბერიას“ მფლობელებს თუ აქვთ რაღაც ფინანსური პრობლემები, ისე უნდა მოიქცნენ, როგორც იქცევა სხვა ნებისმიერი ბიზნესი და ბოროტად არ გამოიყენონ ის, რომ კავშირი აქვთ რომელიმე მედიასაშუალებასთან.
მგონია, ბოროტად გამოყენებას უფრო აქვს ამ შემთხვევაში ადგილი, გადასახადები უნდა გადაიხადონ კომპანიებმა და მეწილეებმა ერთმანეთთან ურთიერთობები უნდა გაარკვიონ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
გუშინ „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.