თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ინსტრუქტორი, რომელიც გლდანის ციხეში ზის, გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. პროკურორი ამტკიცებს, რომ თავდაცვის სამინსიტროს ინსტრუქტორმა სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ტაქსის მძღოლად მუშაობის დროს მგზავრის გაუპატიურება სცადა.
ბრალდებულის ოჯახი კონკრეტულ დეტალებს ყვება. ნათია შარაშენიძე ძმის ჩვენებიდან ფრაგმენტებს ასაჯაროებს. ჩვენების მიხედვით, მოქმედმა ჯარისკაცმა, რომელიც სამსახურის შემდეგ ტაქსის მძღოლად მუშაობდა, ღამის საათებში ახალგაზრდა ატირებული გოგო დაინახა და დახმარება შესთავაზა.
დასახელებულ მისამართზე მიყვანამდე ავტომობილი გაფუჭდა და მან გაზგასამართ სადგურამდე ხელით მიიყვანა. ოჯახი ამბობს, რომ ჯარისკაცი 15-წლიანი სტაჟით გამოგონილი ბრალდებების მსხვერპლია და ის სახელმწიფომ გაწირა.
ჩვენებაში დაზარალებული ამბობს, რომ ძალადობის მცდელობის დროს მან მანქანაში ტელეფონი და ხელოვნური წამწამი დაკარგა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის ავტომობილში ამ ნივთებს ვერ მიაკვლიეს.
ქალი, რომელსაც ჯარისკაცის ოჯახი ცრუ დასმენაში ადანაშაულებს, ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების თანამშრომელია.