რეზონანსი
08.09.2018

 პედაგოგების ნაწილი მოსწავლეებს სკოლისთვის შეუფერებული სამოსის გამო საყვედურობს და ხშირად, გაკვეთილებზე დასწრების უფლებასაც არ აძლევს. საინტერესოა, რა ითვლება სკოლისთვის შეუფერებლად, ვინ ადგენს ამ კრიტერიუმებს და აქვს თუ არა დირექციას უფლება, მოსწავლე გაკვეთილზე არ დაუშვას შეღებილი თმის ან დახეული ჯინსების ტარების გამო, რა პასუხიმგებლობა ეკისრება სკოლას, როცა მოსწავლეს გაკვეთილის მსვლელობის დროს პედაგოგი საკლასო ოთახში არ უშვებს. ამ კითხვებით "მშობლები.ჯი"-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა, სადაც ამბობენ, რომ არსებობს მოსწავლის ქცევის კოდექსი, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც მოსწავლეს დისციპლინური სახდელი შეიძლება დაეკისროს:

1. სიტყვიერი შენიშვნა; 2. საყვედური (წერილობით ფორმით); 3. სკოლისათვის სასარგებლო იძულებითი სამუშაოს შესრულება (ეზოს, საკლასო ოთახის, ბიბლიოთეკის ან შენობის სხვა ნაწილის მოვლა-პატრონობაში მონაწილეობა არასაგაკვეთილო პერიოდში - გაკვეთილების დაწყებამდე ან გაკვეთილების შემდგომ); 4.  საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა 1-იდან 5 დღემდე ვადით; 5. საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა 5-დან 10 დღემდე ვადით; 6. გაკვეთილიდან გაძევება; 7. ზარალის ანაზღაურების დაკისრება; 7. სასკოლო კლუბებში, წრეებში, სკოლის მიერ გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის პრივილეგიის ჩამორთმევა და უკიდურეს შემთხვევაში; 8. ალტერნატიულ სკოლაში გადაყვანა; 9. დისციპლინური სასჯელი; 10. გაკვეთილის ჩაშლის მცდელობისთვის მოსწავლე საგნის მასწავლებლის მიერ იგზავნება დირექტორთან, რომელსაც შეუძლია მოსწავლე გაკვეთილიდან დაითხოვოს. 

"აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნილი მოსწავლე აუცილებლად უნდა იყოს მეთვალყურეობის ქვეშ. მას ზედამხედველობა უნდა გაუწოს ბიბლიოთეკარმა ან მორიგე მასწავლებელმა. მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნის შემთხვევაში, აუცილებელია დირექტორი იყოს საქმის კურსში“, - აცხადებენ სამინისტროში.

ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა აცხადებს, რომ აკრძალვები მოსწავლეთა ჩაცმულობის შესახებ შესაძლოა, სკოლის შინაგანაწესში ეწეროს, რომელიც ყველა სკოლისთვის განსხვავებულია. მისივე თქმით, შინაგანაწესს კარგად უნდა იცნობდნენ ბავშვები და მონაწილეობდნენ მის შედგენაში.

„ზოგიერთ სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ჩაცმულობას, რაც გაწერილია შინაგანაწესში, მის შედგენაში აქტიურად მონაწილეობს სამეურვეო საბჭო. საბჭოს წევრებს შორის კი მშობლებიც არიან. შინაგანაწესის შედგენაში მონაწილეობას არ იღებს სამინისტრო, ეს მთლიანად სკოლაზეა დამოკიდებული, მთავარია, ის წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. შესაბამისად, ამ საკითხზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. თუ რაიმე კონკრეტულ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი, საყურადღებოა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ეს სკოლის წესების დაცვის მიზნით მოხდა. ეს არ არის გემოვნების საკითხი, ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეთა ჩაცმულობა შეიძლება, საერთოდ არ იყოს დარეგულირებული, ზოგან აქცევენ ყურადღებას“, - ამბობს მარიამ ჩიქობავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×