
17 სექტემბრიდან საგანმანათლებლო პროცესის დაწყებასთან ერთად თბილისის საბავშვო და ბაგა–ბაღები მუშაობას განაახლებენ. "თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს" ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე საუბრობს იმ სიახლეების შესახებ, რაც ახალი სააღმზრდელო წლიდან დაინერგა.
"პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ 11 ახალი შენობა შეემატება ბაღებს და უკვე 180 ბაღი გვექნება თბილისში, 3000-ზე მეტი ადგილი გვექნება ბაღებში ჩვენი აღსაზრდელებისთვის. მთავარი პრიორიტეტია, გადატვირთულობა აღარ იყოს ბაღებში და მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პრობლემა მოვაგვაროთ",- აღნიშნა გვანცელაძემ "ოლნიუსთან". მომავალი 2 წლის განმავლობაში ქალაქს კიდევ 31 ახალი ბაღი შეემატება.
გარდა ამისა, ბაღებში ზაფხულის პერიოდში განხორციელდა სხვადასხვა სარემონტო სამუშაოები. ძირითადად ეს შეეხო სამზარეულოებს, ჩვენ ვიმუშავეთ სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან ერთად, რათა სამზარეულოები თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მიგვეყვანა. ასევე განახლდა ინვენტარი, როგორც უშუალოდ სააღმზრდელო ოთახებში, ასევე სამზარეულოებში.
"თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს" ინფორმაციით, 40 მეთოდისტი განათლების სამინისტროსთან ერთად თანამედროვე მეთოდოლოგიაში გადამზადდა და ისინი ტრენერები გახდნენ. სწორედ ისინი გადაამზადებენ აღმზრდელ პედაგოგებსა და თანაშემწეებს, რომლებიც მუშაობენ საბავშვო ბაღებში.
რაც შეეხება რაციონს, კახაბერ გვანცელაძის თქმით, ამ მხრივ ცვლილებები არ იგეგმება და ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო და ბაგა–ბაღები უკვე არსებული მენიუთი განაგრძობენ მუშაობას.
ამასთანავე გასათვლისწინებელია, რომ არც საბავშვო ბაღების სამუშაო საათებში შედის რაიმე ცვლილება.