(რეზონანსი) თბილისში, სასწრაფო დახმარების ექიმებმა ახალგაზრდა ქალი ბინაში ამშობიარეს. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ქალის ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებული იყო, რის გამოც ექიმებმა მშობიარობა თავად მიიღეს.
„ახალგაზრდა ქალისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო. მართალია, გვითხრა, რომ ძლიერი ტკივილი 15 წუთის დაწყებული ჰქონდა, მაგრამ როგორც გაირკვა, მუცლის არეში ყრუ ტკივილი ღამის ხუთი საათიდან იგრძნო, რომელიც დილით გაუძლიერდა. საავადმყოფოში გადაყვანას აზრი არ ჰქონდა - პატარა უკვე იბადებოდა. მომენტალურად დავიწყეთ მოქმედება. მშობიარე ჩვენს მითითებებს ზედმიწევნით ასრულებდა და შედეგად, მისვლიდან დაახლოებით, 15 წუთში ქვეყანას სრულიად ჯანმრთელი პატარა ვაჟკაცი მოევლინა. დედამ ახალშობილს გაბრიელი დაარქვა", - იხსენებს ბრიგადის უფროსი ექიმი ხათუნა კარტოზია.
"დედა-შვილისთვის საჭირო მანიპულაციების ჩატარების შემდეგ, ექიმებმა ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს. (ბრიგადა 0828 - უფროსი ექიმი ხათუნა კარტოზია, უმცროსი ექიმი გიორგი მაისურაძე, მძღოლი თეიმურაზ ვაშაკიძე)" - წერს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი სოციალურ ქსელში.