საქართველოს 28 მოქალაქე, რომლებსაც თურქეთში სეზონური სამუშაოების შემდეგ კუთვნილი ანაზღაურება არ მისცეს, კვლავაც თანხის აღებას ელოდება. მოტყუებული მოქალაქეებიდან 16 ამ დრომდე ორდუს გუბერნიაში, ქალაქ უნიეში, ქართველების მიერ ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდა. დღეს კი ისინი სარფის გამშვებ პუნქტის გავლით საქართველოში დაბრუნდნენ.
საქართველოს მოქალაქეები, თურქეთში უკონტრაქტოდ მუშაობდნენ, ამიტომ იურიდიულად არ აქვთ დავის საფუძველი. შესაბამისად, მათ ნაცვლად პოლიციასა და შესაბამის უწყებებს ეთნიკურად ქართველებმა მიმართეს. მომჩივანთა შორისაა იურიდიული სასამართლოების თარჯიმანი ზია ბაირაქი, რომელიც ამბობს, რომ ბიზნესმენი უკანონოდ ამუშავებდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს.
"დამსაქმებელი სახელმწიფოს უმალავდა, რომ ამუშავებდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ამიტომ არ უფორმებდა კონტრაქტებს. ამიტომ ჩვენ მას ვუჩივით, როგორც ამ ფაქტის დამალვისთვის, ასევე დასაქმებულების მოტყუებისთვის", - განაცხადა ზია ბაირაქმა.
ტრაპზონში საქართველოს გენერალური კონსულის ავთანდილ მიქაცაძის თქმით საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან, მათი უფლებების დაცვას ადგილზე კი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა გააგრძელებს.