მიმდინარე წლის 25 მაისს, ნორიოს ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავდაცვის სამინისტროს პირველი საარტილერიო ბრიგადის სამხედრო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთმა სამხედრომ - სერგო ჯიმშერაშვილმა - თავის ტვინის დაზიანებები მიიღო და 25 მაისიდან 1-ელ სექტემბრამდე კომაში იმყოფებოდა. სერგო ჯიმშერაშვილი 3 დღის წინ თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
საქმეზე გამოძიებას, 28 მაისიდან, შსს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველო აწარმოებდა. გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა ხუთ სამხედრო მოსამსახურეს, საიდანაც ერთი პირი ბრალდებულია სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ოთხი სამხედრო კი ბრალდებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე (სსკ-ის 376-ე მუხლი).
რუსთავის საქალაქო სასამართლომ, ირაკლი სამხარაძე, რომელსაც ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედებოდა, პატიმრობაში დატოვა. 4 ბრალდებული კი 5000-ლარიანი გირაოს საფუძველზე დარბაზიდან გაათავისუფლა.
ირაკლი სამხარაძის ჩვენების მიხედვით, მან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სერგო ჯიმშერაშვილს მუშტი დაარტა, რის შედეგადაც ის მაგიდასა და სკამს შორის თავით დაეცა.