(რეზონანსი) 37 წელი რომ იყოს და მხვრეტდნენ მაინც ასე გავაკეთებ, დიდება ქართველ ერს - განაცხადა მოძრაობა „ეროვნული ერთობის" დაკავებულმა ლიდერმა გიორგი ჭელიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მომდევნო წინასასამართლო სხდომა კი 17 ოქტომბერს ჩაინიშნა.
გიორგი ჭელიძემ ასევე ნაცისტური მისალმების არსი განმარტა, მისი თქმით ეს იშიფრება როგორც "მოვდივარ შენთან სამშვიდობოდ, ღმერთისა და ადამიანების სრულყოფილ კავშირს" . დაკავებულის თქმით ამ ფორმას იყენებდნენ როგორც ძველი ქართველები, ასევე ძველი რომაელები.
ბრალდების მხარე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვდა, რაც დაკმაყოფილდა. პროკურორის განცხადებით, არსებობდა მიმალვისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე.
დაკავებულის ადვოკატი არ ეთანხმება ბრალდებას და სასამართლო განჩნებას კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრებს.
მოძრაობა ეროვნული ერთობის თავმჯდომარე 2018 წლის 1-ლ სექტემბერს, ცეცლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის 31 აგვისტოს სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობის" გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.