რეზონანსი
03.09.2018

 (რეზონანსი) არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს განათლებისა და განვითარების ცენტრი" რამდენიმე თვის წინ შეუდგა ქართულ ინტერნეტსამყაროში არსებული სიტუაციის შესწავლას. ორგანიზაციის წევრი ალექსანდრე ადამაშვილი აცხადებს, რომ დღეისათვის ქართულ ინტერნეტსივრცეში არაერთ მავნე თამაშს შეხვდებით, მათი პოტენციური მსხვერპლი კი არასრულწლოვნები არიან.

გამოკითხული მოზარდებიდან ყოვ¬ელი მე-7 ინფორმირებული ან ჩართულია ამ თამაშებში, ყოველი მე-3 კი რაიმე ფორმით გამხდარა ინტერნეტბულინგის მსხვერპლი.

"მოსწავლეები გვიყვებოდნენ, რა სახის პრობლემებს აწყდებოდნენ სოციალურ ქსელებში, გვაწვდიდნენ მაგალითებს, თუ როგორ ერთვებოდნენ ბავშვები სხვადასხვა მავნე თამაშში, გვისახელებდნენ კონკრეტულ ჯგუფებს, გვერდებს, სადაც ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომი და უკონტროლოა. იქვე შეხვდებით ეროტიკული შინაარსის პოსტებს თუ სტატიებს და მავნე თამაშების პოპულარიზაციას.

გარდა ამისა, მოსწავლეების თქმით, ხშირია არასრულწლოვნების ლაივებში ჩართვა, ბავშვების ერთმანეთთან ვითომ უწყინარი საუბარი, გაცნობა, შემდეგ კი მოზარდების ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ეროტიკულ საიტზე ხვდება.

სავარაუდოდ, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იწერენ ამ ლაივებს, შემდეგ ამონტაჟებენ და ათავსებენ სხვადასხვა საიტზე.

"ლურჯი ვეშაპის" ჯგუფებში გაწევრება მონაწილე პირების რეკომენდაციით შეიძლება. გამოიკვეთა ზარები, სმს-შეტყობინებები რუსეთის ნომრებიდან, დადასტურდა თვალთვალის ფაქტებიც.

"ლურჯ ვეშაპს" ქართულ ინტერნეტრეალობაში ახალი სახიფათო თამაში "მომო" მოჰყვა. დღემდე ვერ გაარკვიეს, ეს პროგრამა ალგორითმია თუ სხვა რამ. თამაში სწრაფად გავრცელდა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

დავალების მიცემამდე, დადგენილი აქვთ ამა თუ იმ ბავშვის მისამართი, მათი და მათი ოჯახის წევრთა შესახებ პირადი ინფორმაცია, რომელსაც მეტწილად სოციალური გვერდიდან მოიპოვებენ, შემდეგ კი იწყება შანტაჟირება. ორივე თამაშის, "ლურჯი ვეშაპისა" და "მომოს", მიზანი მოთამაშის თვითმკვლელობამდე მიყვანაა.

როგორც აღმოვაჩინეთ, "მომო" უმეტესად მარტოსულ, დეპრესიულ, ფაქიზი ფსიქიკის მქონე მოზარდებს არჩევს. უგზავნის ხმოვან და ტექსტურ შეტყობინებებსა და აძლევს დავალებებს.

ბოლოს, მაგალითად, დავუკავშირდით 12 წლის გოგონას მშობლებს. გოგონა¬ უიმედოდ შეყვარებული ყოფილა. უცნაურ სტატუსებს დებდა, მაგალითად, "ვინც თავს იკლავს, ყველა ჯოჯოხეთში ხვდება თუ არა?" ჩვენ ის პოტენციურ მსხვერპლად მივიჩნიეთ, რადგან მის გვერდზე "მომოს" შესახებ სტატუსიც აღმოჩნდა, რომელშიც სვამდა კითხვას, ეს რა არისო?" - განაცხადა ადამაშვილმა „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×