რეზონანსი
03.09.2018

 (რეზონანსი)საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ინიციატივით გამოდის, სტაჟირების ინსტიტუტი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს, რომ სტაჟირების გავლა სამუშაო გამოცდილებად ჩაითვალოს.

"სახელმწიფოს აქვს არასისტემატური ხედვა სტაჟირებასთან დაკავშირებით. ადამიანებს, რომლებიც სტაჟირებას გადიან, ეს არ ეთვლებათ სამუშაო გამოცდილებად და ეს ძალიან ცუდია. ვთავაზობთ სახელმწიფოს, რომ შეიქმნას სისტემა, შეიქმნას სახელმწიფო პროგრამები და მივცეთ ამ ადამიანებს იმის განცდა, რომ მათი შრომა არ იქნება ექსპლუატირებული. დღევანდელი მდგომარეობით, სტაჟიორებისთვის ეს პერიოდი სამუშაო გამოცდილების პერიოდის თვალსაზრისით არის დაკარგული და როცა საქმე საქმეზე მიდგება, ადამიანის მიერ გავლილი სტაჟირება არავის აინტერესებს. სტაჟირება უნდა იქნას აღიარებული შრომით გამოცდილებად. მე მგონია, რომ საერთო სურათისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია: - "კანონპროექტით ხდება სტაჟირების/პრაქტიკის ინსტიტუტის სამართლებრივ რეგულირებაში მოქცევა და მისი კანონმდებლობაში ასახვა, რისი საშუალებითაც სხვა დასაქმებულების მსგავსად, სტაჟირების/პრაქტიკის ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი უფლებები დაცული იქნება".

ლევან გოგიჩაიშვილმა ინიციატივა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×