ექსპერტი გია ხუხაშვილის განცხადებით, ძალიან სასაცილოა საუბარი სალომე ზურაბიშვილზე, როგორც დამოუკიდებელ დეპუტატზე, რადგან ის უკვე დიდი ხანია „ქართული ოცნების” განუყოფელი ნაწილია”.
ხუხაშვილი ამის მიუხედავადაც კი, რომ ზურაბიშვილი მმართველი პოლიტიკური გუნდის პარტიის ნაწილია, „ქართულ ოცნებას” მისი კანდიდატურის წამოყენებას არ ურჩევს, რადგან ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში სერიოზული რყევები გარდაუვალია.
„სალომე ზურაბიშვილზე, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატზე საუბარი ძალიან სასაცილოა იმიტომ, რომ ყველაზე „გულანთებული” აქტივისტი იყო „ქართული ოცნების” წლების განმავლობაში და რანაირად არის დამოუკიდებელი ვერ გავიგე. ყველა შეიძლება ვიხილოთ „ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატად, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, თუმცა, მე პირადად, „ქართულ ოცნებას” არ ვურჩევდი მისი კანდიდატურის წამოყენებას იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი მათთვის ბევრად უფრო დიდი თავისტკივილი იქნება, ვიდრე ისინი ფიქრობდნენ, რომ მარგველაშვილი იყო მათთვის. სალომე ზურაბიშვილი არის საკმაოდ კონფლიქტური ადამიანი და გარდა ამისა, ჩემი აზრით, გარდაუვალია სერიოზული რყევები მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში თვითონ „ქართული ოცნებისთვის”, განაცხადა ხუხაშვილმა GUARDIAN.GE – სთან საუბარისას.