(რეზონანსი) საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს, მცხეთის პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. ისინი სამართალდამცველებს მათი დაკავების შესახებ აწვდიან ინფორმაციას.
გათავისუფლებული ახალგაზრდები ერგნეთის საგუშაგოდან მიკროავტობუსით გამოიყვანეს, სადაც მათ ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
„ძალიან დიდი მადლობა წითელ ჯვარს, ყველა უწყებას, რომლებიც გვერდში გვედგნენ", - განაცხადა ერთ-ერთი გათავისუფლებული ახალგაზრდის, ვახტანგ გუბელაძის დედამ, თამარ ცისკაძემ.
კიდევ ერთი გათავისუფლებულის, ბექა მაღრაძის მშობლის, მანანა კიკვაძის თქმით, ახალგაზრდები თავად ისაუბრებენ მათი დაკავების შესახებ.
„ალბათ, ისინი თვითონ იტყვიან, რა გზით მოხვდნენ თრუსოს ხეობაში. უღრმესი მადლობა ჩვენი შვილების გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის", - განაცხადა კიკვაძემ.
ქართველები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვის უკანონო კვეთის ბრალდებით, ორი დღის წინ გაიტაცეს.