(რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ალიევმა საქართველოს მთავრობის მეთაურს "ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს თანამდებობაზე დანიშვნიდან მოკლე ვადაში ბაქოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის ურთიერთობებს.
"დღეს ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები დამყარებულია ძლიერ საფუძველზე. საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ მნიშვნელოვან პროექტებს. სატრანსპორტო სფეროში ჩვენს მიერ განხორციელებულ პროქტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისა და აზიის მასშტაბით. ყველა ამ პროექტის რეალიზებაში აქტიურად თანამშრომლობენ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი. მიმაჩნია, რომ სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიმართულებით დამატებითი ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ. ვიცი, რომ საქართველოში ძალიან კარგი საინვესტიციო კლიმატია", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
"საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენთვის ხალხთაშორის ურთიერთობებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი მეზობლობა და მეგობრობა საუკუნეების განმავლობაში კი მართლაც სამაგალითოა. ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ისეთი საფუძველი ჩაუყარეს ამ ურთიერთობებს, ჩვენ ძალიან გაგვიადვილდა მათი კიდევ უფრო განმტკიცება და გამყარება. ის რეგიონული პროექტები, რომლებიც ერთად განვახორციელეთ, მართლაც რომ საერთაშორისო და ისტორიული მნიშვნელობისაა", ამბობს ბახტაძე.