თეონა დევიძე
24.08.2018

 გენმოდიფიცირებული საკვების მასობრივი გავრცელება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღეს მისი მასშტაბის კონტროლი საკმაოდ რთულია. კვლევებით დასტურდება, რომ ასეთი პროდუქტის საკვებად გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. საინტერესოა, რამდენად კონტროლდება საქართველოს ბაზარი ამ მხრივ და აქცევს თუ არა ხალხი ყურადღებას, როგორ პროდუქტს იძენს საკვებად. ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფ "ეისითის" კვლევამ აჩვენა, რომ პროდუქტის წარმოშობის საკითხი ქალებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მამაკაცებისთვის და შეძენისასაც ისინი უფრო ამახვილებენ ყურადღებას, გენმოდიფიცირებულია თუ არა საკვები.

უკანასკნელი კვლევის მიხედვით (2018 წლის ივლისი), თბილისელების უმრავლესობა (74%) ძალზე საზიანოდ მიიჩნევს გენმოდიფიცირებულ საკვებს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში არ არის სრულყოფილი ლაბორატორიები, სადაც სრულად გაკონტროლდება გმო პროდუქტები. შესაბამისად, ნატა დოლიძეს, ერთ ჩვეულებრივ მომხმარებელს, დაუცველობის შიში უჩნდება.

"როდესაც მეცნიერთა მოსაზრება შუაზეა გაყოფილი და ერთნი ამბობენ, რომ ეს, შესაძლოა, მრავალი დაავადების მაპროვოცირებელი იყოს, შიშის ფაქტორი, რასაკვირველია, იზრდება. მით უმეტეს, როცა ჩვენს ქვეყანაში სრულად არ თუ ვერ კონტროლდება მსგავსი პროდუქტები, რაც ცოტა შეურაცხმყოფელიც კია მომხმარებლისთვის. ვფიქრობ, ჩვენი უფლებაა, გვქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია ამა თუ იმ საკვებზე", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას დოლიძემ.

აზრი, რომ გენმოდიფიცირებული საკვებით მსოფლიოში სურსათით უზრუნველყოფის პრობლემა და შიმშილი უნდა დაძლეულიყო, დღესაც არ კარგავს აქტუალობას, თუმცა საინტერესოა, ეს რის ხარჯზე ხდება? დღეს თუ შიმშილით არ მოკვდება ადამიანი, რამდენიმე წელში ამის შედეგად სხვა პრობლემები იჩენს თავს. მეცნიერების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ გმო პროდუქტების მუდმივმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა, სიმსივნური დაავადებები, ალერგიული რეაქცია, იმუნიტეტის დაქვეითება, კანის დაავადება, ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის დაზიანება და სხვა. ამიტომ მომხმარებელთა დამოკიდებულებაც შესაბამისია.

როგორც სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მრჩეველმა სურსათის უვნებლობის საკითხებში ზურაბ ცქიტიშვილმა განაცხადა, თავად ის, როგორც რიგითი მომხმარებელი, არ ირჩევს გენმოდიფიცირებულ საკვებს.

"ვინაიდან მეცნიერების აზრი ორად იყოფა და ერთნი ამტკიცებენ, რომ არანაირ საფრთხეს არ შეიცავს გენმოდიფიცირებული საკვები, მეორენი კი პირიქით ფიქრობენ, ჩემი, როგორც ერთი რიგითი მომხმარებლის, დამოკიდებულებაა უარის თქმა ასეთ საკვებზე ისევ და ისევ ჩემი ოჯახის ჯანმრთელობის სასარგებლოდ.

რადგანაც აზრი შუაზეა გაყოფილი და ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა საბოლოო პასუხი კითხვებზე, არჩევანი კვლავაც ხალხს მიანდეს - იკვებონ თუ არა ამგვარი პროდუქტით. გენმოდიფიცირებულ ნაწარმს კი ეტიკეტირების მეთოდით აცნობენ მომხმარებელს", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას ცქიტიშვილმა.

საქართველოს კანონმდებლობით მომხმარებელთა უფლებები დაცულია, ვინაიდან დარგობრივი კომიტეტის ინიციატივით, მიღებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ეტიკეტზე თვალსაჩინო ადგილას მიუთითოს, რომ პროდუქტი არის გენმოდიფიცირებული. მიუხედავად ამისა, რეალობა ბევრად განსხვავებულია, რადგან საქართველოში არ არის სრულყოფილი ლაბორატორიები და არსებული ათეულობით გენიდან ჩვენთან მხოლოდ რამდენიმეს კვლევა ხდება. მოსახლეობა სწორედ ასეთ პროდუქტებსა და მათ უკონტროლო გავრცელებას მიიჩნევს გახშირებული დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილის მიზეზად.

"ადამიანის ჯანმრთელობის მხრივ ლომის წილი სწორედ კვებაზე მოდის. არავისთვის ახალი არ არის, რომ ძველად ბევრად ჯანმრთელი თაობა იყო და დიდხანსაც ცოცხლობდნენ. სწორედ იმიტომ, რომ ხელოვნურად შექმნილსა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანს არაფერს ჭამდნენ. სასაცილოა, როცა სხვა ქვეყნები ბევრად სხვა სტატისტიკას აჩვენებენ გმო პროდუქტებზე, საქართველოში კი თითქოს ყველაფერი წესრიგშია. ეს იმიტომ, რომ ვერ ხერხდება სრულყოფილი კონტროლი.

მე არ მინდა, ჩემი შვილები საცდელი ობიექტები იყვნენ. მომხმარებლის უფლებაა, იცოდეს, რა სახის საკვებს იღებს, ამისთვის კი კონტროლის გამკაცრებაა საჭირო და ყველა იმ პირობის შექმნა, რაც თავიდან აგვაცილებს ზოგიერთ საფრთხეს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას დავით მჭედლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×