მარი გოცირიძე
24.08.2018

 "პიანინო," - ასე ეწოდება მუსიკალურ ტურნეს, რომელსაც საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი გამართავს. მუსიკალური ტურნე 27 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით მოეწყობა. უნიკალურ ღონისძიებას კომპანია "ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის" და "მაგთი" წარმოგიდგენთ. "მაგთიკომისთვის" ეს კიდევ ერთი ახალი, ქართული საქმეა, რომელსაც იგი თავისი საქმიანობის განმავლობაში ემსახურება.

კომპანიის წარმომადგენელთა ცნობით, პროექტის მთავარი მიზანია ჩვენი საზოგადოების ფართო მასებს, საქართველოს ყველა რეგიონში ცოცხალი, კლასიკური მუსიკა აჟღერდეს.

ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, უნიჭიერესი პიანისტი დავით ალადაშვილი ორი კვირის განმავლობაში, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელს საქართველოში იმოგზაურებს და 50-მდე კონცერტს ჩაატარებს.

როგორც"მაგთიკომში" განმარტავენ, ეს იქნება დიდი ზომის წითელი მოძრავი მანქანა, რომელიც რეგიონიდან რეგიონში გადაინაცვლებს, წინასწარ შერჩეულ ადგილას ტრანსფორმირდება სცენად და ღია ცის ქვეშ ყველა დაინტერესებულ მსმენელთან მიიტანს კლასიკურ მუსიკას.

"მუსიკალური ტურნეს მთავარი მიზანია ჩვენი საზოგადოების ფართო მასებს, საქართველოს ყველა რეგიონში მივაწვდინოთ ცოცხალი, კლასიკური მუსიკის ხმა. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებას. ვფიქრობთ, რეგიონის მოსახლეობისთვის ნამდვილი საჩუქარია ასეთი ორიგინალური ფორმით მიწოდებული კლასიკური მუსიკის კონცერტების მოწყობა," - აცხადებენ "მაგთიკომში".

თავად მუსიკოსი იმედოვნებს, რომ საზოგადოების მხრიდან პროექტი გამოიწვევს დიდი ინტერესს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

"განსაკუთრებით მიხარია და დიდი პატივია, რომ ბევრგან პირველად გაჟღერდება კლასიკური მუსიკა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ახალგაზრდა აღმოაჩენს და შეიყვარებს ფორტეპიანოს," - ამბობს დავით ალადაშვილი.

კონცერტების სერია დაიწყება კახეთით, სადაც შესანიშნავი ცოცხალი მუსიკის მოსმენას დაინტერესებული პირები 27-28 აგვისტოს შეძლებენ. ამის შემდეგ ტურნე, 29 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთში გაგრძელდება. 30 აგვისტოს მასპინძლობას ქვემო ქართლი გასწევს; 31 აგვისტოს - შიდა ქართლი; 1 სექტემბერს კი კონცერტი სამცხე-ჯავახეთში გაიმართება, 2, 3 სექტემბერს - აჭარაში; გურიაში - 4 სექტემბერს, ხოლო 5 სექტემბერს დავით ალადაშვილის მოსმენის შესაძლებლობა იმერეთს ექნება. აქედან მუსიკალური ტურნე გეზს რაჭა-ლეჩხუმისკენ აიღებს, სადაც კონცერტი 6 სექტემბერს გაიმართება, ხოლო 7, 8, 9 სექტემბერს - სამეგრელო-ზემო სვანეთში.

ტურნეს დასკვნითი კონცერტი"მაგთის" დაბადების დღეს / 22 სექტემბერს, თბილისში ჩატარდება.

ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტებზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უსასყიდლოდ შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი მუსკოსი დავით ალადაშვილი ვან კლიბერნის და სუზან როუზის საფორტეპიანო გრანტის მფლობელია, რომელსაც არაერთხელ აქვს დაპყრობილი მსოფლიოში გამორჩეული და პრესტიჟული საშემსრულებლო სივრცეები, როგორებიცაა - კარნეგი ჰოლი და ლინკოლნ ცენტრი.

ახალგაზრდა პიანისტი არაერთხელ გამხდარა მრავალი კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი, მათ შორისაა ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი თბილისში, ვლადიმერ სპივაკოვის საერთაშორისო ფესტივალი მოსკოვში და რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო ფორტეპიანოს კონკურსი პარიზში (გრან-პრი).

დავით ალადაშვილის სოლო კონცერტები იმართება საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში.

რაც შეეხება მუსიკალურ წარმოდგენას"ღია ცის ქვეშ", იგი ხელოვნების ახალი პლატფორმაა, რომელიც მუსიკოს-შემსრულებლებს და ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლებს კონცერტების ღია ცის ქვეშ ახლებური ხედვით განხორციელების საშუალებას აძლევს.

პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, საქართველოს რეგიონებში ცხოვრების გამრავალფეროვნება და ქვეყანაში კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, რაც თავის მხრივ ტურიზმის განვითარებასაც ემსახურება.

ქვეყნის კულტურული ცხოვრების განვითარებაში კი"მაგთიკომის" წვლილი უდავოდ დიდია. წლებია, იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ კულტურასა და ხელოვნებას.

"ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ," - ამ დევიზით მაგთიკომმა ქართული მხატვრობის, მწერლობის, თეატრის, კინოსა და მუსიკის მხარდასაჭერად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

ამჯერად მაგთიმ ქართული ხელოვნების ქომაგებსა თუ უბრალოდ, დაინტერესებულ პირებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში უმასპინძლონ კლასიკურ მუსიკას და დატკბნენ დიდი მაესტროს უბადლო შემოქმედებით...

(ბიზნესპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×