მერია მოსახლეობას აზრს ეკითხება. ასფალტი თუ ქვაფენილი? - რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია ვარაზისხევში გზის საფართან დაკავშირებით, შესაძლოა, მოსახლეობის არჩევანმა განაპირობოს. შესაბამისად, თბილისელების პოზიციაც გაიყო - აფსუიწწლ-ის მეშვეობით გამოკითხვამ აჩვენა, რომ ასფალტის დაგების მომხრეთა რაოდენობა მეტია. გუშინ, დაახლოებით 20 საათის მდგომარეობით, სოციალურ ქსელში ამ პოზიციის მოქალაქეთა რაოდენობამ 52% შეადგინა, 47% ქვაფენილის ჩანაცვლების წინააღმდეგია.
მოსახლეობას საკუთარი პოზიციის გამოხატვა ფეისბუკის მეშვეობით შეუძლია.
როგორც გუშინ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, თუკი შესაძლებელი იქნება, ვარაზისხევში ქვაფენილს მერია ასფალტით შეცვლის.
"ვარაზისხევში ქვაფენილი ხშირად ზიანდება და მინდა, ვიკითხო, თუ არის შესაძლებელი, რომ ქვაფენილის ნაცვლად გაკეთდეს ასფალტი. ადგილზე ხმაური და მტვერია და პრობლემას ქმნის, პირველ რიგში, იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის. მინდა, პატარა გამოკითხვა ჩავატაროთ, თუ როგორი დამოკიდებულება იქნება ამ საკითხზე. ისტორიული სტატუსი მას არ აქვს და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ამ საკითხის მოწესრიგება და საფეხმავლო გზების გაფართოება", - განაცხადა კალაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით "რეზონანსი" რამდენიმე თბილისელს დაუკავშირდა.
25 წლის ლიკა კეკელიძე ამბობს, რომ ასფალტი მისთვის უფრო მისაღებია, თუკი თანამედროვე სტილით დაიგება.
"ქვაფენილის მიმართ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ასფალტი უფრო თანამედროვეა. ამ თვალსაზრისით, ქვაფენილის ჩანაცვლების იდეას ვემხრობი. ვფიქრობ, მერია ამ პროექტს კარგად გაართმევს თავს და ხარისხიანი გზის საფარი დაიგება. მომწონს, რომ მერია ინტენსიურად ცდილობს გზების კეთილმოწყობას, ამ მხრივ ადრე მხოლოდ დაპირებებს ვისმენდით, ახლა რეალურად გახდა შესაძლებელი", - ამბობს ახალგაზრდა თბილისელი.
28 წლის გიორგი ჭელიძე უპირატესობას ქვაფენილს ანიჭებს.
"ვარაზისხევს ეს ქვაფენილი ძალიან უხდება. ხან მეჩვენება, რომ ცოტა ხმაურიანია, მაგრამ ეს არ არის ისეთი მანძილი, რომ ამ გზის გავლა ვინმესთვის შემაწუხებელი იყოს. არ მესმის, რატომ უნდა შეიცვალოს, ევროპის ზოგიერთ ქალაქში მოქალაქეებს ძალიან მოსწონთ ქვაფენილი და ალბათ აზრადაც არ მოუვათ მისი აყრა. ვერ გავანადგურებთ ყველაფერს, რაც ძველ პერიოდს გვაგონებს, ქვაფენილსაც თავისი ხიბლი აქვს", - ამბობს გიორგი ჭელიძე.
"ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში" ქვაფენილის შესაძლო ჩანაცვლების იდეას აკრიტიკებენ. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ვარაზისხევში ქვაფენილის დაშლა არასწორი მიდგომაა, რითაც იქაურობა იერსახეს დაკარგავს.
"განვითარებული ევროპული ქვეყნების ქალაქებში მიიჩნევენ, რომ ქვაფენილი გაცილებით ამშვენებს ქუჩებს, ვიდრე ჩვეულებრივი ასფალტის ერთფეროვანი რუხი ზედაპირი. ვარაზისხევი დედაქალაქში გამორჩეული ადგილია, აქ ქვაფენილი ლამაზად ერწყმის თსუ-ს და მთლიანობაში ვიღებთ ძველი თბილისისათვის დამახასიათებელ ლამაზ გარემოს. მიგვაჩნია, რომ რიგ შემთხვევაში ქუჩებსაც, ისევე როგორც ისტორიულ სახლებს, უნდა ჰქონდეთ ძეგლის სტატუსი და ასე ერთი ხელის მოსმით ქუჩის იერსახის განადგურების უფლება არავის არ უნდა მიეცეს. თავად განსაჯეთ, თითქმის 70 წელია, რაც ვარაზისხევში გზა ქვაფენილით არის მოკირწყლული და მას ისტორიული ფასი დაედო. ერთ მშვენიერ დღეს მისი აყრა ჩვენი ორგანიზაციისათვის სრულიად მიუღებელია. რა თქმა უნდა, მიუღებელია როგორც ისტორიული, ისე ინჟინრული, პრაქტიკული და ფუნქციური თვალსაზრისით. აგრეთვე, გაუგებარია მერის მხრიდან დღეს დასმული აქცენტი, რომ მოსახლეობასა და სპეციალისტებს დაეკითხებიან აზრს მაშინ, როდესაც, დღევანდელი მდგომარეობით, უკვე ნახევრად აყრილია ქვაფენილი. აშკარაა, რომ დღევანდელი მერია ცდილობს, გააგრძელოს დავით ნარმანიას მერობის დროს დაწყებული ტენდენცია, ერჩის ისტორიულ, ქვაფენილიან ქუჩებს და ნაცვლად გზების თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ქვებით მოკირწყვლისა, ანადგურებს მას! ჯერ იყო ლეონიძისა და ჯავახიშვილის ქუჩები (ელბაქიძის აღმართი), ახლა ვარაზისხევი, დიდი ალბათობით, შემდეგ ჯერი კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის) მიდგება", - აცხადებენ ასოციაციაში.