მარი ჩიტაია
21.08.2018

 რაჭის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობა დასასვენებლადაც ვერ მიდის. მაღალი ხარჯის გამო რაჭველები მშობლიურ ადგილს ნაკლებად ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო საცხოვრებლად რაჭაში დაბრუნება ადამიანს უიშვიათეს შემთხვევაში შეიძლება მოუნდეს.  ადგილობრივების ინფორმაციით, მთის რეგიონების მიმართ შეღავათის მინიჭებამაც ვერ წაახალისა რაჭველები და დაბრუნება აზრადაც არ მოსვლიათ.

სამაგიეროდ, რაჭის მიმართ მეწარმეების ინტერესი დიდია. ისინი ძირითადად მევენახეობით ინტერესდებიან. როგორც "ბიზნეს-რეზონანსს" რაჭველებმა მოახსენეს, სადაც კი გაიყიდა ვენახები, მყიდველები თითქმის ყველგან თბილისელი მეწარმეები არიან.

რაოდენ მძიმეც უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა, წინა პლანზე მაინც რაჭის დემოგრაფიული სიტუაცია იკვეთება. რაჭველები ამბობენ, რომ მათთვის ეს ყველაზე გაუსაძლისი რეალობაა, რასთანაც შეგუება დღემდე უჭირთ.

 

სახლში სტუმრობის ძვირი სიამოვნება

თითო ოჯახს რაჭაში 1 თვით დასასვენებლად ჩასვლა, სულ მცირე, 1000 ლარი უჯდება. ოთხსულიანი ოჯახისთვის აქედან 200 ლარი მხოლოდ გზის ხარჯია, დანარჩენი - საკვებისა და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას აქცენტი შიდა ტურიზმის განვითარებაზე გადააქვს და დამსვენებლებს საკუთარი ტერიტორიის უკეთ გაცნობას სთავაზობს, რაჭას ამ მხრივაც არ გაუმართლა. ამ ტერიტორიას ადამიანები იშვიათად აკითხავენ. მიკროავტობუსები, რომლებსაც მგაზავრები თბილისიდან რაჭის მიმართულებით კვირაში 3-4-ჯერ გადაჰყავთ (ისიც სეზონზე), მეტწილად ცარიელია. იშვიათი მგზავრების გარდა, როგორც ერთ-ერთი მძღოლი - ჯემალ მაისურაძე ამბობს, ტრანსპორტში ყოველთვის მგზავრების სიმცირეა.

"ზაფხულობით მოთხოვნა ყოველთვის დიდი იყო. უცხო ისედაც იშვიათად მოდიოდა, დღეს - კიდევ უფრო იშვიათად მოდის. უფრო აქედან წასული ოჯახების შთამომავლები იყვნენ. ახლაც ეს ხალხი ჩამოდის, მაგრამ ბოლო დროს ძალიან ნაკლებად გვსტუმრობენ. თუკი შეკვეთებს მგზავრებისგან რეისის შესრულებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიღებდი, ახლა ესეც აღარ არის საჭირო, ტრანსპორტში ადგილი ნებისმიერი მგზავრისთვის ყოველთვის მოიძებნება. ადრე რომ მოდიოდნენ, ბებია და ბაბუა ხვდებოდათ, ძროხა ჰყავდათ, პროდუქტი იყო და მოსვლაც არ ეზარებოდათ. ახლა მთელი სანოვაგით უნდა ეწვიონ სახლს, რაც ზოგს დისკომფორტს უქმნის. ურჩევნია, ზღვაზე დაისვენოს, უფრო კომფორტულ გარემოში", - ამბობს ჯემალ მაისურაძე.

ქეთევან ჭელიძე 80 წელს გადაცილებულია. ის ერთ-ერთია გამონაკლისთა შორის, რომელმაც დასასვენებლად მშობლიური სახლი არჩია, რაც თბილისში მცხოვრები ქალბატონისთვის ძალიან დამღლელი აღმოჩნდა.

"ძალიან დავიღალე, რადგან ინფრასტრუქტურულად ბევრი არაფერი გაკეთებულა. აქა-იქ გზა შენდება, მაგრამ ბევრ სოფელს ეს შესაძლებლობა მაინც არ აქვს. ოჯახის წევრებთან ერთად კერძო კომპანიის ტრანსპორტით ძალიან ცუდ პირობებში ვიმგზავრე და 100 ლარი დავხარჯეთ. ამდენივე დაბრუნებისას დაგვჭირდება. ძალიან დიდი ხარჯია. სახელმწიფოს მართლა თუ უნდა ხალხის დაბრუნება და მათთვის ხელშეწყობა, სწორედ ამ პრობლემას უნდა მიხედოს და მთიან რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას შეუწყოს ხელი. სულ მცირე, 800-900 ლარი გვინდა, რომ ოჯახმა ნორმალურად გავატაროთ თუნდაც ერთი თვე ჩვენს სახლში, სადაც საერთოდ არაფერი გვხვდება, ჭურჭლისა და ძველი საწოლების გარდა", - ამბობს მხცოვანი რაჭველი.

 

ბევრი სოფელი გაუკაცრიელდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისუბნის მცხოვრები ამირან მდივნიშვილი ამბობს, რომ სოფელს ნადირი შეეჩვია. დათვისა და მგლის შიშით ხალხს მოსავალი ვერ მოჰყავს და შინაური პირუტყვის მოვლაც უჭირს.

"რა სტიმული უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ აქ დაბრუნდეს, არ მესმის, მაგრამ თანასოფლელების გარეშე ყოფნაც გაუსაძლისად მძიმეა. ელემენტარულად, გზა არ არის ნორმალური, სახლებამდე მისასვლელად ზოგიერთებს გაუკაფავი ადგილების გავლა უწევთ. ტყე-ბუჩქად იქცა ყველაფერი, უკვე მანქანასაც უჭირს გადაადგილება. ასეთ გაუკაცრიელებულ სოფელს კი ნადირი შეეჩვია, ბევრგან არის ეს პრობლემა. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს მეზობელს საქონელი მგელმა დაუგლიჯა. ხოლო სიმინდსა და თხილს დათვია შეჩვეული, მოსავალი ვერ მოგვყავს.

ხალხი არ არის და ტყე წამოვიდა. კაციშვილი არ არის ამის მომკითხავი, რომ წაიქცე, ვერავინ შეგეშველება. ვინღაა წამომსვლელი, ახალგაზრდებს აქაურობა არ იზიდავს. მე 15 წლის წინ დავბრუნდი და მამაჩემის დანატოვარი სახლის მოვლა-პატრონობა დავიწყე, რასაც ბევრი დღეს არ გააკეთებს. არც გაემტყუნებათ, რადგან ცარიელ სახლში მოსვლა დიდ ხარჯს უკავშირდება. მოხუცი ადამიანი კვდება და იჯახიც იკეტება. სადაც ვენახია, იქ კიდევ დარჩა ხალხი. მოჰყავთ მოსავალი და შემოსავალიც აქვთ, მაგრამ ეს შესაძლებლობა ყველგან არ არის. არის სოფლები, სადაც არსებობა უჭირს ხალხს. შეღავათებია, ინფრასტრუქტურულადაც განვითარდა რაჭა, მაგრამ მაინც ვერ იზიდავს ადგილობრივებს. თბილისელები უფრო მეტ ინტერესს იჩენენ რაჭის მიმართ, ვიდრე ადგილობრივები. რაც მსხვილი ვენახები გაიყიდა, თითქმის ყველა შემთხვევაში მყიდველები თბილისელი მეწარმეები აღმოჩნდნენ. იშვიათად - სხვა რაიონებიდან. არც ფულია და არც ინტერესი, რომ ადამიანს შინ დაბრუნება მოუნდეს", - ამბობს ამირან მდივნიშვილი.

 

უგზოობა

რაჭული სოფლების მოსახლეობისთვის ერთ-ერთი პრობლემაა უგზოობა და ტრანსპორტის დეფიციტი, რის გამოც ცენტრთან დაკავშირება ჭირს. მგზავრებს უმეტესწილად მსუბუქი ავტომანქანების მფლობელი თანასოფლელები ან ცენტრში მცხოვრები ტაქსისტები ემსახურებიან. ასეთი ტრანსპორტით გადაადგილების საფასური 10-დან 30 ლარამდე მერყეობს, ხოლო ზამთარში ტრანსპორტირება კიდევ უფრო ძვირი ჯდება.

ამბროლაურში, სოფელ გორისუბნის, მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში არ არის სასურსათო მაღაზია და საკვების შესაძენად მეზობელ სოფელში უწევთ გადასვლა. კვირაში ორჯერ სხვადასხვა დასახელების სურსათი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები გადამყიდველებს შემოაქვთ და მათი შეძენა ადგილობრივებს ხშირად გაორმაგებულ ფასად უწევთ.

გორისუბნის მკვიდრ გივი მდივნიშვილს ოჯახის წევრები ზაფხულობით აკითხავენ. წლის დანარჩენ პერიოდში შუახნის ასაკს გადაცილებული მამაკაცი მარტო ცხოვრობს. სულ რამდენიმე მეზობელი ეგულება, ვისთანაც დარდის გაზიარება შეუძლია. უმეტესობა სოფლიდან აიყარა და სოფელი მისი ასაკის ან მხცოვანი თაობის იმედადაა დარჩენილი. ახლომახლო 2-კილომეტრიან მონაკვეთზე სულ ხუთი-ექვსი ოჯახი შემორჩა, სადაც მხოლოდ უფროსები ცხოვრობენ.

"ზაფხულის მიწურულია და რაჭა ჯერ კიდევ ხმაურობს. ორ კვირაში აქაურობა მიწყნარდება და დავრჩებით მარტო. მიმდებარე ტერიტორიაზე სულ ექვსამდე შემოვრჩით და ყველა ჩვენგანს მეორე საცხოვრებელი სახლი სხვაგანაც ეგულება. აქედან წასულები უფრო მეტად თბილისში, ქუთაისსა და ტყიბულში სახლობენ, ვის რისი შესაძლებლობაც აქვს. შეიძლება სხვაგან ძალიან უჭირთ, მაგრამ აქ დაბრუნება მაინც არ უნდათ. წლების წინ გორისუბნიდან 120 უღელი ხარი გამოდიოდა. რაჭული სოფლისთვის ეს 120 კომლს უდრის. მთელ სოფელში უამრავი ნასახლარია, ზოგმა მეზობელს "ჩააბარა" სახლ-კარი და უკანმოუხედავად წავიდა. ბევრი დასასვენებლადაც აღარ ჩამოდის.

აქ დარჩენილთათვის კი ცხოვრება ძნელია, მაგრამ ამაზეც ნაკლებად ვჩივით, სიცარიელე გვაშინებს", - ამბობს გივი მდივნიშვილი.

გორისუბნისგან განსხვავებით, სოფელ პატარა ონში მეტი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა აქაც ნაკლებად მოიძებნება ოჯახი, რომლისთვისაც რაჭა მუდმივი საცხოვრებელია. დანარჩენი სოფლებივით, პატარა ონიც დაცარიელდა. სოფელში ერთადერთი პატარა სასურსათო მაღაზია მოქმედებს, საზოგადოებრივი დანიშნულების დაწესებულებები აღარ არის.

პრობლემები აქაც ანალოგიურია: მოსახლეობის დეფიციტი, მაღალი ფასი და მოუწესრიგებელი მიმოსვლა.

გორისუბანში სულ 18 ოჯახია. ცოტა ხნის წინ 20 იყო. სოფელში 2 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რაჭისთვის კიდევ ორი ოჯახის დაკეტვას ნიშნავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×