რეზონანსი
18.08.2018

 ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 46 800 ლარი დახარჯა ვერტმფრენით მომსახურებაზე, რომ თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის 3900 ლარის ღირებულების სასაჩუქრე პაკეტები გადაეცა. საბიუჯეტო თანხების უყაირათოდ ხარჯვის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

"რეგინფოს" ცნობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ 2016-2017 წლებში, ბიუჯეტებით გათვალისწინებული ქვეპროგრამის (თუშეთის მოსახლეობის ავიარეისით მომსახურება) ფარგლებში, საჰაერო ფრენების მომსახურება შეისყიდა ორი ტენდერის საშუალებით. კერძოდ, 2016 წელს ღირებულებით 70 000 ათასი ლარი და 2017 წელს ღირებულებით 25 500 ლარი.

„დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში სულ 5 ფრენა განხორციელდა და ანაზღაურებულმა თანხამ 95 500 ლარი შეადგინა. მათ შორის 3 ფრენის ფარგლებში მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის გადაყვანა და მათთვის სასურსათო მარაგისა და საჭირო ინვენტარის გადატანა. რაც შეეხება დანარჩენ ორ ფრენას, მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, განხორციელდა თუშეთში მცხოვრები პირებისთვის საახალწლო სასაჩუქრე პაკეტების გადასაცემად

კერძოდ, 2016 წლის 29 თებერვალს ვერტმფრენით იმგზავრა მუნიციპალიტეტის შვიდმა წარმომადგენელმა და შვიდმა ადგილობრივმა მოსახლემ, მგზავრობის ღირებულებამ შეადგინა 21 300 ლარი და ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცა 1 300 ლარის ღირებულების სასაჩუქრე პაკეტები.

2017 წლის 21 თებერვალს ვერტმფრენით იმგზავრეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და მათ მიერ მოწვეულმა სტუმრებმა, სულ 19-მა ადამიანმა. მგზავრობის ღირებულებამ შეადგინა 25 500 ლარი და ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცა 2 600 ლარის ღირებულების სასაჩუქრე პაკეტები და მედიკამენტები (მედიკამენტების ღირებულება შეადგენდა 138 ლარს).

აღნიშნული ორი ფრენის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოხდა 3 900 ლარის ღირებულების სასაჩუქრე პაკეტების გადაცემა, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტმა 46 800 ლარის ხარჯი გასწია“, - ნათქვამია ანგარიშში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×