(რეზონანსი) ლენტეხის მკვიდრი 41 წლის ვიტალი ბენდელიანი პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გუშინ საღამოს ალკოჰოლური სასმელის შესაძენად მაღაზიაში შესვლის შემდეგ ხუთამდე პირი თავს დაესხა და სასტიკად სცემა.
დაზარალებულის განცხადებით, სავარაუდოდ, დანით დაჭრეს. მისი ინფორმაციით, მას თავის, ხელებისა და ფეხების არეში მრავალმხრივი დაზიანება აქვს მიყენებული.
ბენდელიანი ოზურგეთში, ნაქირავებში ცხოვრობს და ის ერთ ერთ წარმოებაში მუშად მუშაობს. მისი თქმით, ოზურგეთის პოლიციაში დასახმარებლად მივიდა, მაგრამ იქ მხოლოდ ალკოჰოლის ტესტზე შეამოწმეს.
ბენდელიანი ამბობს, რომ პოლიციაში სამ საათიანი ლიდინის შემდეგ, სახლში ისე გამოუშვეს, რომ არც დაუკითხავთ და ჩვენებებიც არ ჩამოურთმევიათ მისთვის. ბენდელიანი ირწმუნება, რომ ყველა თავდამსხმელს იცნობს, თუმცა ოზურგეთის პოლიცია საქმეს არ იძიებს.
„გურიის მოამბესთან" საუბრისას ნუგზარ რუსიეშვილი, ზურაბ ქიბუცაძე და მურთაზ ცენტერაძე კატეგორტიულად უარყოფენ ბენდელიანზე თავდასხმას.
„რას ლაპარაკობ, მთვრალი იყო და რამდენჯერმე წაიქცა, მერე მოშორებით ბოძსაც შეეჯახა", - ირწმუნება რუსიეშვილი.
„ცემა, რომ მდომებოდა ხუთ მასეთს გავლახავ, რაში დამჭირდებოდა თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმა", - ამბობს ქიბუცაძე.
ბენდელიანს დახმარება ოზურგეთის საავადმყოფოში აღმოუჩინეს, ამჟამად კი, როგორც თვითონ ამბობნს, უსახსრობის გამო მან საავადმყოფო წუხელსვე დატოვა და ის საკუთარ ნაქირავებ ბინაში განაგრძობს მკურნალობას.