(რეზონანსი) ბათუმში „ქართული ოცნების" ლიდერებმა კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ პარტიის წევრებთან და რეგიონის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 6 საათი მიმდინარეობდა.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თანაგუნდელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. კობახიძეს არ განუმარტავს, რა საკითხებზე ისაუბრეს.
„შეხვედრა გვქონდა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტიდან საკრებულოს წევრებსა და მერებთან, როგორც პარლამენტის წევრებთან, ასევე უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან. არც ერთ საკადრო საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა", - აღნიშნა კობახიძე.
აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურისთვის პარტია "ქართული ოცნება" მხარდაჭერას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„ჩვენ არ ჩამოგვიყალიბებია საერთო პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, თუმცა სამი კვირა გქვაქვს დარჩენილი იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. შესაბამისად, ამ ეტაპზე განცხადებისგან თავს შევიკავებ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძე