"დროა, ვარდისფერი სათვალეები მოვიხსნათ და რეალობას თვალი გავუსწოროთ. საქართველომ უნდა აირჩიოს საბოლოოდ, სად მიდის"
თამარ შუკვანი
16.08.2018

 მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს და, ამ ყველაფრის ფონზე, წამყვანი სახელმწიფოები ერთმანეთს უპირისპირდებიან. მსოფლიო შესაძლოა, ახალმა "ბერლინის კედელმა" გაყოს. ვინ შეიძლება აღმოჩნდეს გაყოფილი კედლის მიღმა და ამ შემთხვევაში, როგორი იქნება საქართველოს როლი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტში?

"რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, რომ მსოფლიო შესაძლოა, ოთხ პოლუსად დაიყოს: ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი.

მაისაიას განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარეობს ახალი ცივი ომი, სადაც ევროკავშირი და ამერიკა შესაძლოა, რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

"კონფიგურაცია ასე გამოიყურება: ტრამპისა და პუტინის ჰელსინკის სამიტმა და ასევე, ნატო-ს სამიტმა აჩვენა, რომ მსოფლიო ოთხად არის გაყოფილი, სადაც ევროკავშირი, აშშ, რუსეთი და ჩინეთი მონაწილეობენ.

"შესაძლოა, მსოფლიო ორად დავყოთ: ევროკავშირი და აშშ, რუსეთი და ჩინეთი. თუმცაღა, ტრამპის მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ აღნიშნული კონფიგურაცია დაყო ცალკე ნაწილებად.

"როდესაც მოხდა ტრამპისა და პუტინის სამიტი, ამის პარალელურად, პეკინში მოხდა ჩინეთისა და ევროკავშირის ხელმძღვანელების შეხვედრა, სადაც ორივე მხარემ მოაწერა ხელი სარაკეტო პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას.

"როდესაც ტრამპმა სავაჭრო ომი გამოუცხადა რუსეთსა და ჩინეთს, მათ შორის - ევროკავშირსაც, კონფიგურაცია წავიდა ოთხპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის მიმართულებით.

"ევროკავშირი და ამერიკა დაუპირისპირდა რუსეთს და მას ეკონომიკური სანქციები გამოუცხადეს. დღეს უკვე ამერიკასა და რუსეთის შორის მიდის ფართო ეკონომიკური ომი და არსებობს საკმაოდ სერიოზული დაპირსპირება, რასაც შეიძლება, ახალი ცივი ომის კულმინაცია ვუწოდოთ", - აღნიშნავს ის.

მისი თქმით, თუკი ტრამპი ევროკავშირთან შანტაჟის ენით საუბარს გააგრძელებს, რამდენიმე ქვეყნის აშშ-ის წინააღმდეგ გაერთიანებას არ გამორიცხავს.

"ჯეკსონ მედიქის კანონპროექტის მიხედვით, ამერიკის მხრიდან ევროკავშირს შეუწყდა ყოველგვარი ტექნოლოგიური დახმარების აღმოჩენა, რამაც შედეგად ცივი ომის განვითარება გამოიწვია.

"საინტერესო კონფიგურაცია მივიღეთ; ჩინეთი, ამერიკა, რუსეთი და ევროკავშირი. როგორ კომბინაციაში გადავა და ვინ ვის დაუპირისპირდება, რთული სათქმელია. თუკი ოთხივე მოთამაშე ითამაშებს საკუთარ თამაშს, შესაძლოა, მივიღოთ კომბინაცია: ჩინეთი, რუსეთი და ევროკავშირი, რომელიც ამერიკას დაუპირისპირდება.

"თუ ტრამპი გააგრძელებს და ევროკავშირს დაელაპარაკება შანტაჟისა და ეკონომიკური ულტიმატუმების ენით, არ არის გამორიცხული, მივიღოთ ასეთი მიმართულებაც. ასევე, არ გამოვრიცხავ ევროკავშირისა და ამერიკის გაერთიანებას რუსეთის წინააღმდეგ. ჩინეთმა შესაძლოა, დაიკავოს ნეიტრალური მდგომარეობა.

"ამ ეტაპზე მიდის გამალებული ახალი ცივი ომი ამერიკასა და რუსეთს შორის, სადაც ევროკავშირისა და ჩინეთის პოზიციები პოზიტიურად არის გადახრილი; ჩინეთი - რუსეთის მიმართულებით, ხოლო ევროკავშირი - ამერიკის მიმართულებით.

"ბრიტანეთმა შეიძლება, ჰეგემონობაზე გამოაცხადოს პრეტენზია. მოხდება თუ არა ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან, ჯერჯერობით უცნობია. ბრიტანეთს ევროკავშირის კონფიგურაციაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია", - განაცხადა მან.

მაისაიამ განაცხადა, რომ საქართველო ძირითადად დასავლეთისკენ იხრება, რადგან ამერიკის ამჟამინდელი ურთიერთობა საქართველოსთან საკმაოდ გულგრილია. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაზე მმართველი გუნდი სწორედ იმიტომ ალაპარაკდა, რომ ზურაბიშვილს სერიოზული კავშირები აქვს ევროპელ ლიდერებთან.

"მართალია, ამერიკა გვეხმარება, მაგრამ ეს ყველაფერი მოდის ობამას ადმინისტრაციის მიერ აღებული ვალდებულებების კუთხით და ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოსთან მიმართებაში ჯერჯერობით აქვს საკმაოდ ნელთბილი დამოკიდებულება.

"საქართველომ კურსი ძირითადად პროდასავლური მიმართულებით აიღო. ადრე, დასავლეთი იყო ჰომოგენური, ანუ ამერიკა და ევროკავშირი ერთიანი სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ. დღეს საკმაოდ განსხვავებული სისტემა არსებობს და ამ სისტემის მიმართ დამოკიდებულება საქართველოს მიმართებაში საკმაოდ ნელთბილია.

"არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა იმისთვის არის დასახელებული, რომ საქართველო უფრო მეტად დააახლოვოს ევროპულ სტანდარტებთან. ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და მას კარგი ურთიერთობა აქვს ევროკავშირის ლიდერებთან", - აცხადებს ის.

მისი განცხადებით, საქართველოს როლის მოძებნა ამ შემთხვევაში საკმაოდ რთულია, რადგან რუსული და თურქული ვალუტის გაუფასურებამ საქართველოს ვალუტაზეც მოახდინა გავლენა.

"რუსეთის რუბლისა და თურქული ლირის დევალვაციამ საქართველოს ვალუტაზე პირდაპირი ასახვა ჰპოვა. ჩვენ საგარეო-ეკონომიკური ორიენტაციით უფრო ევრაზიული მიმართულებით ვართ ორიენტირებული, ხოლო საგარეო-პოლიტიკური მიმართულებით ჩვენს სვლას ტრანსატლანტიკურ მიმართულებას დავარქმევდი.

"ერდოღანმა განაცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორად ჩინეთი მიაჩნია და ჩინეთთან თურქეთი განახორციელებს პირდაპირ ეკონომიკურ, სტრატეგიულ პარტნიორობას. ერდოღანმა, ფაქტობრივად, ეკონომიკური სანქციები ამერიკასაც დაუწესა. მან განაცხადა, რომ თურქეთი შეწყვეტს ამერიკული პროდუქციის შესყიდვას. ეს ფაქტორი თურქეთის მხრიდან დაწესებული სანქციებია. იგი უკვე მიისწრაფვის რუსეთისა და ჩინეთის მიმართულებით.

"ჩვენ ვარდისფერი სათვალით გვიყვარს ყურება. მმართველი ძალა უფრო ევოპულ ორიენტაციას იღებს, ვიდრე ამერიკულს. იმედია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციასა და ამერიკელებთან ურთიერთობას დაალაგებს. უკვე დროა, ვარდისფერი სათვალეები მოვიხსნათ და რეალობას თვალი გავუსწოროთ. საქართველომ უნდა აირჩიოს, საბოლოოდ სად მიდის", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×