წიგნების კითხვა ბოლო პერიოდში იმდენად მოდური გახდა, რომ ხშირად დაინახავთ ადამიანებს წიგნებთ ხელში. ისინი ცდილობენ, საინტერესო ნაწარმოები იკითხონ ქუჩაში, ტრანსპორტში, კაფე-ბარებსა და ნებისმიერ ადგილას, სადაც კი დროს გამონახავენ. დღეს განათლების მიღება წიგნებთან ასოცირდება და ახალგაზრდებისთვის ამგვარი ქცევა იმდენად პოპულარული გახდა, რომ თითქმის ყველგან წიგნებს დაატარებენ. მნიშვნელობა არ აქვს, რას და სად კითხულობენ, უბრალოდ, ახლა ეს კარგ ტონად ითვლება და ცდილობენ, მსგავსი იმიჯი შეიქმნან.
ქუჩაში გამოკითხული ახალგაზრდების 97% ამბობს, რომ წიგნების კითხვა უყვარს. თითქმის შეუძლებელია ისეთი ადამიანის გამონახვა, ვინც დაუფარავად იტყვის, რომ არ უყვარს წიგნების კითხვა, რადგან ეს იმის მანიშნებელია, რომ იგი გაუნათლებელია, ამას კი საკუთარი ნებით არავინ აღიარებს. ნუცა მახარაძე 19 წლის სტუდეტია და მას ხშირად უწევს წიგნების კითხვა, რადგან ეს მისი მომავალი პროფესიის ნაწილია:
"თეატრალურ უნივერსიტეტში ვაბარებ. ახლა ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ და მივხვდი, რომ ეს არ არის ჩემი საქმე. ვფიქრობ, ჩემთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ნაწარმოების წაკითხვა ადამიანთა ხასიათების შესაცნობად, შესაბამისად ვცდილობ, ბევრი ვიკითხო.
არ მგონია, რომ ადამიანი, ვინც წიგნებს არ კითხულობს, გაუნათლებელია. ეს თანამედროვე ახალგაზრდების კომპლექსია და გამუდმებით ამას ებრძვიან. სწორედ ამიტომ დადიან მეტროში, აუზზე, ტრასნპორტში წიგნებით, რომ მათზე კარგი წარმოდგენა შეექმნათ. ამით ცდილობენ, განათლებული ადამიანის იმიჯი მოიპოვონ გარშემომყოფების თვალში. საშინელებაა, როდესაც დამცინავი ტონით გეკითხებიან, გაქვს თუ არა კონკრეტული წიგნი წაკითხული და, უარის შემთხვევაში, ყველაზე გაუნათლებელ ადამიანად გრძნობ თავს.
იშვიათია ისეთი ადამიანი, ვინც, რა წიგნებსაც დაატარებს, ყველაფერს კითხულობს. უკვე არსებობს კონკრეტული სია, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა გქონდეს ინფორმაცია, რადგან ისინი ახლა ყველაზე მოდური წიგნებია. ძალიან ბევრი ვიცი, ვინც მარტო შინაარსს ეცნობა ან რეცენზიას და ამის კვალობაზე ამბობს, რომ ესა თუ ის ნაწარმოები წაკითხული აქვს. ცუდია, რომ ასეთ რეალობაში გვიწევს ცხვრება და მხოლოდ ერთმანეთის დასანახად ვაკეთებთ კარგ რაღაცებს და არა იმიტომ, რომ ეს გულით გვინდა", - აღნიშნა ნუცა მახარაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.
ხშირად შეგხვდებათ ახალგაზრდა წიგნით ხელში მეტროში, კაფეში ან სხვადასხვა ადგილას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის კითხვის მოყვარულია. წიგნი უკვე თავისებურ აქსესუარად იქცა. რაც უფრო მეტად მიმზიდველია წიგნის ყდა, მით უფრო პრესტიჟულია მისი ტარება, თუმცა არან ადამიანები, ვისაც ნამდვილად უყვართ წიგნების კითხვა და ამაში საკმაოდ დიდ დროსაც ხარჯავენ, რადგან ეს მათი სულიერი განვითარებისა და დროის სანტერესოდ გამოყენების ერთ-ერთი კარგი წყაროა.
სოციოლოგ გიორგი ეზუგბაიას აზრით, კარგია, რომ წიგნის კითხვა დადებით ტრენდად იქცა და ახალგაზრდები ცდილობენ, თუნდაც ერთმანეთის დასანახად, გახდნენ უფრო ინტელექტუალები.
"ხშრად არის რაღაც სულელური ტენდენციები და ამას აჰყვებიან ხოლმე ახალგაზრდები. თუ მსგავსი რაღაცები შემოვა მოდაში, როგორებიცაა: წიგნის კითხვა, სიკეთის კეთება და ადამიანობა, ამას მხოლოდ მივესალმები. მთავარია, ერთმანეთს არაფერი დაუშავონ და მსგავსი რამ თუკი შემოვა მოდაში, ამაში ცუდი ნამდვილად არაფერია.
პრობლემა უფრო ისაა, რამდენად კითხულობენ და ეცნობიან იმ ლიტერატურას, რომელიც ასე გულმოდგინედ დააქვთ. ბევრ ახალგაზრდას ვიცნობ, ვისაც მართლა უყვართ ლიტერატურა და ხშირად ეცნობიან ახალ-ახალ ნაწარმოებებს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ იმიტომ კითხულობენ, რომ სოციალურ ქსელში პოსტები დაწერონ და ვირტუალურ მეგობრებს თავი ჭკვიანად მოაჩვენონ.
წლების წინ საერთოდ არ იყო ეს ყველაფერი მოდური, ახლა კი პოპულარული გახდა. ვფიქრობ, ნელ-ნელა წინ მივდივართ განათლებისაკენ, იქნებ ერთ დღეს მართლაც გულით შეუყვარდეთ კიდეც წიგნები და დაიწყონ აქტიურად კითხვა.
ფასადური განათლება ყველასთვის შესამჩნევია. პირადად ჩემს თვალს არასდროს ეპარება ეს ყველაფერი. მარტრივად ვცნობ ნამდვილად განათლებულ ადამიანებს. მათზე, რომლებსაც მხოლოდ ორიოდე ფრაზა აქვთ წიგნებიდან ამოკითხული და შორიდან იციან, რომ დოსტოევსკი გენიოსი იყო, უბრალოდ, მეცინება. მიუხედავად ამისა, პესიმისტურად ნამდვილად არ ვარ განწყობილი", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გიორგი ეზუგბაიამ.
მარიკა კეკუთია 17 წლისაა და სასკოლო ლიტერატურის გარდა, ცდილობს, კლასგარეშე ლიტერატურაც აქტიურად იკითხოს:
"ძალიან მიყვარს წიგნები. მართალია, ამჟამად კლასგარეშე ნაწარმოებების კითხვის დრო ნაკლებად მაქვს ხოლმე, რადგან აბიტურიენტობისთვის ვემზადები, მაგრამ ადამიანს თუ გიყვარს და გაინტერესებს, დროს ყოველთვის გამონახავ.
საღამოობით, როდესაც გაკვეთილების მომზადებას მოვრჩები, ვიღებ ჩემთვის სასურველ წიგნს, შევდივარ ოთახში და შევუდგები კითხვას. თან ყოველთვის მაქვს რვეული და ფანქარი, სადაც ვაკეთებ ამონაწერებს.
ვამჩნევ, ჩემს თაობაში თითქოს ყველას უყვარს წიგნები, მაგრამ აქედან სულ რამდენიმეს უყვარს ნამდვილად კითხვა. აუზზე ვიყავი და ჩემ გვერდით გოგო იწვა შეზლონგზე, შტეფან ცვაიგის რომანს "კითხულობდა". ვაკვირდებოდი სპეციალურად ძალიან დიდხანს და ორ საათში მხოლოდ ერთი ფურცელი წაიკითხა. ისე, უბრალოდ ეჭირა ხელში გარუჯვის დროს. ამ ფაქტმა ძალიან გამაღიზიანა, ხალხის დასანახად არასდროს არაფერი გამიკეთებია", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მარიკა კეკუთიამ.