რეზონანსი
15.08.2018

 (რეზონანსი) ქართველმა ძიუდოისტმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა სოციალურ ქსელში, განცხადება გაავრცელა, სადაც საუბრობს, რომ ნაკრებში არაჯანსაღი კონკურენციაა და ძიუდოს ფედერაციას კვლავ დავით ქევხიშვილი მართავს

„მას შემდეგ, რაც დავიკავე პირველი ადგილი, მე, როგორც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთადერთ ოქროს მედალოსანს, მეკუთნის ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა.

„ამის შემდეგ, შევუთვალე ჩემს კონკურენტს, ბექა ღვინიაშვილს, რომ მასაც უნდა ეჭიდავა უნგრეთში გასამართ გრან პრიზე, სადაც ასევე მონაწილეობას ღებულობდა უშანგი მარგიანი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოქმედი პრიზიორია, თავადაც ჩაერთო კონკურენციაში და თქვა, რომ ვინც ძლიერია ის უნდა წასულიყო მსოფლიოზე. ბექამ კი, როგორც ხედავთ, არ იასპარეზა არც ერთ შეჯიბრზე და თავად მოიკლა შანსი იმისა, რომ მსოფლიოზე დამდგარიყო.

„როგორც მოგეხსენებათ, მე და მარგიანმა, ორივემ გავაკეთეთ შედეგი და მოვიპოვეთ უფლება ვიასპარეზოთ ჩემპიონატზე, რაზედაც, მწვრთნელებმა, რომლებიც ირაკლი ცორეკიძესთან ერთად, დავით ქევხიშვილმა საჯაროდ დაითხოვა დაკავებული პოსტებიდან, განმიცხადეს, რომ ბექა ყოველგვარი კონკურენციისა და შეჯიბრის გარეშე მაინც დადგება მსოფლიო ჩემპიონატზე.

„მე მათ ვუთხარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეკუთვნის მსოფლიოზე დაყენება გაკეთებული შედეგიდან გამომდინარე, მზად ვიყავი, ბექასთან ერთად მეასპარეზა ბელორუსიაში გასამართ ჩემპიონატზე. მათ საპასუხოდ განმიცხადეს, რომ ბექა ვერ იჭიდავებს დაუსაბუთებელი მიზეზების გამო და ფაქტიურად, მისპობენ შანსს გავემგზავრო მსოფლიო ჩემპიონატზე.

„ვაცხადებ, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შეჯიბრზე ტატამზე დავუპირისპირდე ბექა ღვინიაშვილს ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში და ობიექტურმა შემფასებლებმა გამოარკვიონ ჩვენში საუკეთესო.

„მე დღეს ვიჩაგრები იმის გამო, რომ დავუპირისპირდი დავით ქევხიშვილს და მის გუნდს. მას უნდა, რომ ბიჭები არაჯანსაღი კონკურენციით, ტატამს გარეთ დაგვაპირისპიროს ერთმანეთს, რასაც, არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ. დღეს ძიუდოს ფედერაცია იმართება კვლავ დავით ქევხიშვილის მიერ და ის, მიკერძოებულად ცდილობს ჩემი ბედის გადაწყვეტას.

მსოფლიო ჩემპიონატზე დაყენება არ ხდება ნაჩუქრობით, არამედ კონკურენციითა და გაკეთებული შედეგებიდან გამომდინარე, რაც მე უკვე გავაკეთე" - წერს ძიუდოისტი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×