სამსახურში დატვირთული გრაფიკისა და ყოველდღიური რუტინის ფონზე, შვებულების მოლოდინი დიდი შვებაა, თუმცა დასვენების დღეების ოდენობა სულ უფრო მცირდება. ბოლო დროს დასაქმებულები წელიწადში 2-კვირიან შვებულებას სჯერდებიან და მათი უმეტესობა ქალაქიდან გასვლასაც ვერ ახერხებს. შემცირდა კურორტებზე ყოფნის ხანგრძლივობაც. ზღვაზე წასვლა უკვე 5-7 დღით იგეგმება და ხანდახან არც ეს ხერხდება.
რამდენიმე წლის წინ განსხვავებული სიტუაცია იყო. დამსვენებლები ზღვაზე მინიმუმ ორი კვირით მიდიოდნენ, ხოლო დანარჩენი საშვებულებო პერიოდის გატარებას მთაში ან საკუთარ სოფელში ცდილობდნენ. ზოგადად, დასაქმებულთა შვებულება დაახლოებით ერთი თვე გრძელდებოდა, ახლა კი მდგომარეობა შეიცვალა. საინტერესოა, რა მიზეზებმა განაპირობა ეს ცვლილება და დამოკიდებულია თუ არა ყველაფერი ფინანსურ მდგომარეობაზე.
ალბათ, ყველას სმენია წინა თაობებისგან, რომ დასასვენებლად მთაში თუ ზღვაზე ორ კვირაზე ნაკლები დროით იშვიათად მიდიოდნენ. დღეს ვითარება შეცვლილია, საშუალო ხანგრძლივობა 5-7 დღეს მოიცავს, იშვიათად - 10-ს. ეს არის ის მაქსიმუმი, რომელსაც წლიდან წლამდე ადამიანები საკუთარი თავისთვის იმეტებენ.
"მახსოვს, ბავშვობაში მშობლებს 3-4 კვირა გავყავდით ქალაქიდან. დროის ნახევარს საზღვაო კურორტზე ვატარებდით, დანარჩენს კი - სოფელში. ასე ხდებოდა თითქმის ყოველ წელს, თუმცა ჩემი შვილებისა თუ შვილიშვილების დროს მდგომარეობა შეცვლილია. შვებულება იშვიათადაა ორ კვირაზე მეტი. ეს ისეთი მინიმალური დროა, წესიერად დასვენებას კი არა, ვერაფერს ასწრებს ადამიანი. თვალის დახამხამებაში კვლავ დამღლელი სამსახური გელოდება ყოველ დილას, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას 58 წლის ელზა ნაროზაულმა.
რასაკვირველია, დასვენება აუცილებელია ადამიანისთვის, რათა აღიდგინოს ენერგია, აღივსოს ახალი შემართებით და საქმის მიმართ განეწყოს მეტად მოტივირებულად, თუმცა კარგად დასვენება თითქმის შეუძლებელი გახდა. ალბათ, უფრო სწორი ნათქვამი იქნება - იმდენად გაძვირდა დასვენება და განტვირთვა, რომ შეუძლებელიც კი გახდა საშუალო ფენის წარმომადგენელთათვის.
22 წლის ანი გელაშვილი ფიქრობს, რომ ბათუმში მომსახურება თითქმის 50%-ით გაძვირდა, ყველაფერზე ფასი მატულობს და ხარჯი კატასტროფულად იზრდება.
"ელემენტარული ავიღოთ: შეზლონგი თუ ღირდა 3 ლარი, ხოლო ქოლგა - 2 ლარი, ახლა გახდა 5 ლარი, ანუ საშუალოდ 50%-ით გაიზარდა ფასი. პროდუქტიც დაახლოებით 30-40%-ითაა გაძვირებული. რაც შეეხება ღამის გათევას, მცირე ზომის სასტუმროში თუ საოჯახო აპარტამენტში კვლავ 20-25 ლარია. ძვირად ღირებულ სასტუმროებზე არც ღირს საუბარი, რომლებიც ნებისმიერ სეზონზე კოლოსალურ ტარიფებს აწესებენ.
ზოგადად ბათუმი მხოლოდ ტურისტებზეა გათვლილი მომსახურებითაც და მიმდინარე ფასებითაც. იგი არანაირად არაა გათვალისწინებული დაბალი და საშუალო ფენის ადგილობრივ დამსვენებლებზე. მაგალითად, თუ ადამიანს ხელფასი 700-1000 ლარი აქვს, ვერაფრით მოახერხებს ბათუმში 10 დღით ჩასვლას", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გელაშვილმა.
ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ხელფასებს ადამიანთა უმეტესობა ვერ უთავსებს დასასვენებლად წასვლასა და მოსალოდნელ ხარჯებს. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ იმდენად კოლოსალური თანხაა საჭირო, სჯობს, ცოტაც დაამატოს და საზღვარგარეთ გაატროს 7-10 დღე:
"ოჯახიდან ოთხ სულს გვიწევს კურორტზე წასვლა. წარმოიდგინეთ, ერთი ღამის გათევა თუ 80-100 ლარი დაგვიჯდება საშუალოდ, ერთი კვირა მაინც რომ დავრჩეთ ბინაში, მხოლოდ ამის გადასახადი 600 ლარამდე ადის. აღარაფერს ვამბობ კვებასა და სხვადასხვა წვრილმანზე. საქმე ისე მიდის, რომ მალე ერთი კვირით გასვლაც შეუძლებელი გახდება.
მე და ჩემს მეუღლეს ხშირად გვიფიქრია, აქაურ დანახარჯს ცოტაც დავამატოთ და საზღვარგარეთ წავიდეთ ხოლმე დასასვენებლად. ჯერ ესეც ვერ გადავწყვიტეთ.
ისიც რთულია, მთელი წელი ქალაქში გამოიკეტო და სულ სოფელში წასვლაც მოსაბეზრებელია. გამოდის, რომ ქაოსური მდგომარეობა გვაქვს და ჩვენს ქვეყანაში გადაადგილება და დასვენებაც ნელ-ნელა სანატრელი გვიხდება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნუცა დოლიძემ.