"მე-6 ფლოტის ხომალდის შემოსვლა შავ ზღვაში საკმაოდ სერიოზული განაცხადია - ეს არის ამერიკელების მხრიდან რუსეთის მიმართულებით ძალის დემონსტრირება"
ეკატერინე ბასილაია
14.08.2018

 აშშ შავ ზღვაში სამხედრო ყოფნას აძლიერებს. ორი დღის წინ სარაკეტო გამანადგურებლებით აღჭურვილი სამხედრო გემი "კარნი" პატრულირებისთვის შავ ზღვაში შევიდა. ექსპერტების შეფასებით, ეს არის ამერიკელების გზავნილი და ძალის დემონსტრირება რუსეთისა და ირანის, ასევე მოკავშირე თურქეთის მისამართით და მოლოდინია, რომ პენტაგონი შავ ზღვაში სამხედრო მისიას კიდევ უფრო და უფრო გაააქტიურებს.

"ბოლო წლებია, შავ ზღვაში რუსები საკმაოდ თავხედურად აქტიურობენ და რუსულ სამხედრო ფლოტს აძლიერებენ, რაც ვაშინგტონის დიდ გაღიზიანებას იწვევს, ისევე როგორც ის, რომ რუსეთმა, თურქეთმა და ირანმა ფაქტობრივად შექმნეს ალიანსი ამერიკის წინააღმდეგ და, შეიძლება ვთქვათ, ამერიკელების გაძევების პრელუდიაც დაიწყეს.

"ამდენად, ამერიკული ხომალდის გამოჩენა - ეს არის ამერიკელების სამხედრო მზაობის შემცირებისა და შესუსტების ფაქტორის წინააღმდეგ მიმართული ქმედება... ახლა ძალიან აქტიურად მუსირებს მოლოდინი, რომ აშშ აპირებს ირანზე პრევენციული დარტყმის მიყენებას და, ამდენად, დიდია ალბათობა, რომ ამერიკული მისია უკავშირდებოდეს ირანის შეკავების მისიასაც", - აცხადებს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის ინფორმაციით, შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა სამხედრო ხომალდი "კარნი", რომელიც ნაღმოსანი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა "იჯისითაა" აღჭურვილი. ასევე ხომალდზე განთავსებულია "ტომაჰავკის" რაკეტები. სამხედრო გემის სიგრძე 154 მეტრია. არარეგიონული ქვეყნის სამხედრო ხომალდებს შავ ზღვაში გაჩერება 21 დღე შეუძლიათ.

მე-6 ფლოტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ "გემის შესვლის მიზანი საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციების განხორციელება და შავი ზღვის რეგიონში მოკავშირეებისა და პარტნიორების ფლოტებთან თავსებადობის გაძლიერებაა".

ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ეს არის ამერიკელების მხრიდან ძალის დემონსტრირება უპირველესად რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებია, რუსეთი "ძალიან თავხედურად იქცევა" - ბირთვული პოტენციალის გაძლიერებასთან ერთად შავი ზღვის აკვატორიაში ზრდის სამხედრო ძალებს.

მისი თქმით, შავი ზღვის აკვატორიაში ნატო-ს წევრი ქვეყნები - ბულგარეთი და რუმინეთი სუსტად არიან წარმოდგენილი და ამიტომაც ამერიკული სამხედრო ხომალდის შესვლა მოსკოვის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების მიზნით აუცილებელი იყო.

"ნატო-ს ეგიდით საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სწავლება, "ღირსეული პარტნიორი" არის ერთგვარად სახმელეთო კონკურენტი, ხოლო ამერიკული ფრეგატის შემოსვლა - ეს არის საზღვაო კონკურენტი რუსეთის მიმართ ძალის დემონსტრირებისათვის. პლუს, ამას ემატება ამერიკული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

"ეს არის გამალებული ახალი ცივი ომი, ახალი ცივი ომის ყველაზე კულმინაციური წერტილი. პუტინი-ტრამპის შეხვედრის შემდეგ გაცილებით უფრო გამწვავდა სიტუაცია ამერიკა-რუსეთს შორის და ამას უკავშირდება ფრეგატის გამოჩენაც.

"არის კიდევ ერთი ფაქტორი, კასპიის ზღვის შესახებ მოხდა შეთანხმების მიღწევა, დაიდო ერთგვარი კონვენცია და, ფაქტობრივად, კასპიის ზღვაზე რუსული ჰეგემონია დამკვიდრდა.

"რუსების მოთხოვნით, ამერიკელებს ეკრძალებათ კასპიის ზღვის აკვატორიაში რამე სამხედრო ძალის განლაგება მაშინ, როცა რუსეთი კასპიის ფლოტილიის მეშვეობით აძლიერებს თავის გავლენას. შესაძლოა, ეს ფაქტორიც იყოს, რომ ამის გამო გადაწყვიტეს ამერიკელებმა თავიანთი ფრეგატის შავ ზღვაში შემოყვანა", - აღნიშნავს მაისაია.

მაისაიას თვალსაზრისით, ასევე დიდია ალბათობა, ეს იყოს ამერიკული ძალის დემონსტრირება თურქეთის მისამართითაც, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი აშშ-ის მოკავშირეა და ასევე ირანის წინააღმდეგაც, რომელთანაც ამერიკის მხრიდან სამხედრო ოპერაციას არ გამორიცხავენ ექსპერტულ წრეებში.

"აშშ-ის მე-6 ფლოტის ხომალდის შემოსვლა შავ ზღვაში საკმაოდ სერიოზული განაცხადია. ეს არის ამერიკელების მხრიდან რუსეთის მიმართულებით ძალის დემონსტრირება ისევე, როგორც ეს იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც ძალის დემონსტრირებისათვის 2 ამერიკული ხომალდი შემოვიდა ჩვენს აკვატორიაში.

"არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ასევე იყოს ძალის დემონსტრირება აშშ-ის მოკავშირე თურქეთის მიმართაც, რადგან, პარალელურად, ძალიან დაიძაბა სიტუაცია ვაშინგტონსა და ანკარას შორის.

"ასევე 2 დღის წინ ირანმა გამოსცადა ახალი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ევროპულ უსაფრთხოებას რეალურ საფრთხეს უქმნის. როგორც ჩანს, ეს ფაქტიც არ გამორჩა ვაშინგტონს.

"შავი ზღვიდან ირანამდე დაახლოებით 2000 კმ-ია, რაც ბალისტიკური რაკეტების საწყისი ცეცხლისთვის ეფექტურია და საუბარია, რომ შავ ზღვაში მოახდინონ ირანული ბალისტიკური რაკეტების გადაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ ირანზე თავდასხმას მოახდენენ, ირანს შეუძლია, გასცეს საპასუხო დარტყმა.

"ახლა ძალიან აქტიურად მუსირებს მოლოდინი, რომ აშშ აპირებს ირანზე პრევენციული დარტყმის მიყენებას და, ამდენად, დიდია ალბათობა, რომ ამერიკული მისია უკავშირდებოდეს ირანის შეკავების მისიასაც. ამ სამი ქვეყნის - ირანის, რუსეთისა და თურქეთის მიმართულებით ამერიკა მისიას კიდევ უფრო გააძლიერებს", - ამბობს მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×