
მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის ტერიტორიულ ორგანოში, დავით ვასაძემ, თანასოფლელის, მერაბ კალანდაძის პენსია მოტყუებით მიითვისა. ამ ინფორმაციას, სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი, ზოია კალანდაძე "გურიის მოამბესთან" საუბარში ადასტურებს და ამბობს, რომ ვასაძის მხრიდან, მსგავსი შემთხვევები ხშირია:
"გამგებელმა მიითვისა შეჭირვებული ოჯახის პენსია, კაცი დიალიზის პროგრამაზეა და მოატყუა ოჯახი დაგეხმარებიო, გამოართვა ბარათი და მიითვისა პენსია. მან ასევე მოტყუებით სკოლის მოსწავლეებს სესხი გამოატანინა. ნამუშევარი წაართვა რამდენიმე ადამიანს, რომლებიც სოფელში იყვნენ დასაქმებული", -აცხადებს კალანდაძე.
დავით ვასაძე წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს: "ღმერთმა დამიფაროს, როგორ გეკადრებათ, ნათქვამია ენას ძვალი არა აქვსო, ამას მე როგორ ვიკადრებდი"- ამბობს გამგებელი.
მომხდარი ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა მერაბ კალანდაძის ოჯახმა.
"მერაბის ცოლს უთხრა, მათხოვეთ თქვენ ბარათი თანხა უნდა დაგირიცხოთო, შემდეგ რომ მივედით პენსიის ასაღებად, ბანკში გვითხრეს თქვენ 3 თვის პენსია წინასწარ გაქვთ აღებულიო. გაახსენდა, რომ ბარათი გამგებელს ჰქონდა. დავუწყეთ ჩხუბი, რამდენიმე ხნის შემდეგ მოვიდა სახლში და გვეხვეწებოდა ფულს დაგიბრუნებთ არსად არ თქვათ, თორემ დამიჭერენო. ვიღაცა სხვისგან აიღო შემდეგ სესხი და დაგვიბრუნა" - იხსენებს მომხდარს მერაბ კალანდაძის სიდედრი.