(რეზონანსი) ჭღონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე აცხადებს, რომ მან პატრიაქტის მოსაყდრეს მეუფე შიოს, ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის საპატიმრო დაწესებულებაში მონახულება და მისი მოსმენა ურჩია.
„ვურჩიე შემდგომში, მოგვიანებით, რომ თვითონ ან ვინმე თავისი ნდობით აღჭურვილი პირი შესულიყო მამაოსთან და მოესმინა მისთვის. კარგი იქნებოდა, მაგრამ მას არ აღმოაჩნდა ის ღირსება, სიმაღლე სულიერი თუ გამბედაობა, რომ ნაბიჯი გადაედგა და ემოქმედა უფრო მეტი ლეგიტიმაციით, აქედან გამომდინარე და დღემდე, როდესაც პოზიცია არ არის გამოხატული, რა თქმა უნდა არაფერი შეცვალა, ეს იყო თითქოს მცდელობა, რომ ყველაფერი შეცვლილიყო, ყველაფერი დასრულებულიყო, 2017 წელი მიეწერათ ბოროტი ძალებისათვის, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგ იბრძოდა და ამ დროს არავინ ახსენა უდანაშაულო მღვდელი, რომელიც სასჯელს იხდის აბსურდული ბრალდებით, წარმოგიდგენიათ? ადამიანს, რომელსაც ეუბნებიან, რომ შენ მიდიოდი პატრიარქის მდივან-რეფერენტის მოსაწამლად ციანიდით გერმანიაში და გერმანიაში იმიტომ მიდიოდი, რომ იქ ადვილად მიიმალებოდი მართლმსაჯულებისაგან და ამას იმიტომ აკეთებდი, რომ ელოდებოდი თანამდებობრივ დაწინაურებას, რა უნდა ვისაუბროთ ამის შემდეგ?", - განაცხადა მეუფე პეტრემ „ტვ პირველის" ეთერში.