რეზონანსი
13.08.2018

 (რეზონანსი) მამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ამირან დევნოზაშვილის ადვოკატმა გოჩა კილასონიამ განაცხადა.

დევნოზაშვილს იძულების მუხლით ბრალი უკვე წარედგინა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაც შეუფარდა.

ადვოკატის ინფორმაციით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მან სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი დაუშვებლად ცნო.

„ის არ აღიარებს ბრალს. არც დუმილის უფლებას იყენებს. დევნოზაშვილი გამოძიებას არ დაუკითხავს. საქმეში მთავარი მტკიცებულებები არის სოციალური მუშაკების ჩვენებები - რომ თითქოს ამირან დევნოზაშვილი არ უშვებს ბავშვებს სახლიდან და თითქოს მაგის გამო არ დადიან ბავშვები სკოლაში. თავად კი მიიჩნევს, რომ ეს არავითარი მტკიცებულება არ არის. ზოგადად, საქმე მოცულობითია, 13 ტომიანია", - განაცხადა გოჩა კილასონიამ „ინტერპრესნიუსთან".

ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი - 3 ბიჭი და 5 გოგო ჰყავს. შვილების სახლში გამოკეტვის მიზეზად დევროზაშვილი იმ არგუმენტს ასახელებდა, რომ ისინი საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან. ამირან დევნოზაშვილი შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დააკავა, რაც იძულებას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×