ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულმა სანქციებმა და პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა თურქული ლირის მკვეთრად გაუფასურებას ხელი შეუწყო და ორი ქვეყნის, აშშ-ისა და თურქეთის, ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, თურქეთმა აშშ-ს შესაძლოა, მოკავშირეობაზე უარი უთხრას და მოძებნოს სხვა მოკავშირე, ეს კი შესაძლოა, რუსეთი იყოს.
"უნილატერალიზმის ტენდენციის უცვლელობა და უპატივცემულობა ჩვენგან მოითხოვს, ვეძებოთ ახალი მეგობრები და მოკავშირეები.
"ჩვენმა სამხედროებმა ერთად დაღვარეს სისხლი კორეაში. 1962 წელს კენედის ადმინისტრაციამ შეძლო, რომ საბჭოთა კავშირს კუბიდან რაკეტები გაეტანა და მაშინ იუპიტერის რაკეტები გავიდა თურქეთიდან და იტალიიდან. 11 სექტემბრის შემდეგ, ნატო-ს მისიის შესასრულებლად ჩვენ ჯარისკაცები გავგზავნეთ", - განაცხადა ერდოღანმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით "მთელი კვირა" პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს გაესაუბრა. მან თურქეთის საგარეო პოლიტიკის შეცვლა გამორიცხა და აღნიშნა, რომ რუსეთისა და თურქეთის "მეგობრობა" ვერ შედგება.
"ცოტა არ იყოს, შანტაჟის ენითაა ეს ყველაფერი გამოთქმული: თურქეთს ერთადერთი ნამდვილი მეგობარი ჰყავს და ეს რუსეთი არისო. მგონია, რომ ეს არის ზღაპარი, რადგან თურქეთი და რუსეთი ვერასოდეს იქნებიან მეგობრები.
"ყველაფერი გეოპოლიტიკური რეალობით არის განსაზღვრული, რომელიც არ იცვლება. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ თურქეთსაც და რუსეთსაც ყველაზე მეტი ომი ერთმანეთთან ჰქონდათ", - განაცხადა ცინცაძემ.
მისი თქმით, პირველად ხდება, რომ ნატო-ს წევრი ორი ქვეყანა ერთმანეთს უპირისპირდება, მაგრამ ასევე, აღნიშნა, რომ თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობა ძალზე მტკიცეა.
"პირველად მოხდა, რომ ნატო-ს ერთი წევრი სანქციებს უწესებს ნატო-ს მეორე წევრს. მხედველობაში მაქვს ამერიკის სანქციები თურქეთის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ახლო აღმოსავლეთში თურქეთისა და აშშ-ის მოკავშირეობა იმდენად მტკიცე და ორივე მხარისათვის ხელსაყრელია, რომ შეუძლებელია, თურქეთმა მკვეთრად შეცვალოს საგარეო პოლიტიკური რაკურსი", - აღნიშნა ცინცაძემ.
მისივე განცხადებით, აშშ-ის შემდეგ თურქეთმა შესაძლოა, ჩინეთის ან რუსეთის მოკავშირეობა აირჩიოს, მაგრამ რუსეთი თურქეთის მომავალს საფრთხეს უქმნის. ცინცაძის თქმით, ეს პერიოდულ კრიზისს წარმოადგენს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ შეიცვლება.
"თურქეთი მხოლოდ საქართველოსა თუ აზერბაიჯანის მოკავშირეობას არ დაკმაყოფილდება, ამიტომ რჩება რუსეთი და ჩინეთი. თურქებს კარგად ესმით, რომ რუსეთს ხელში საკუთარ მომავალს არ ჩაუგდებენ. ეს არის ორ სახელმწიფოს შორის არსებული კრიზისი, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ დარეგულირდება", - აცხადებს ის.
მან აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტული ფაქტი არ იმოქმედებს და, მისი აზრით, თურქეთი ნატო-ს არ დატოვებს.
"საქართველოსთან მიმართებაში არაფერი შეიცვლება. რასაკვირველია, ჩვენთვის უმჯობესია, თუ თურქეთი დარჩება ნატო-ს წევრი და ამერიკის მოკავშირე, ვიდრე რუსეთის, მაგრამ თურქეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე ვერ გახდება.
"კურსის შეცვალა გულისხმობს თურქეთის ნატო-დან გასვლას, რაც ძალზე რთული და გამორიცხულია. ის კავშირები, რომლებიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოიშვა და დღითი დღე მტკიცდებოდა თურქეთსა და აშშ-ს შორის, ძალზე მყარია. პიროვნულ ფაქტორთან დაკავშირებული კრიზისები საფუძველს ვერ გამოაცლის თურქეთის საგარეო პოლიტიკურ კურსს", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ აშშ და თურქეთი - ორივე საქართველოს პარტნიორი ქვეყანაა და ამის გამო ოფიციალურმა თბილისმა ოქროს შუალედი უნდა მონახოს.
"ეს ჩვენთვის ძალიან სათუთი თემაა იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ქვეყანა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია. თურქეთი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და ასევე - ჩვენთვის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი.
"ქართულ დიპლომატიასა და პოლიტიკოსებს მოუწევთ ოქროს შუალედის ნახვა, რომ მოახერხონ ორივე სახელმწიფოსთან ურთიერთობის შენარჩუნება, რაც არ იქნება ადვილი, თუ ეს ურთიერთობები უფრო მეტად დაიძაბა, რისი ნიშნებიც, სამწუხაროდ, უკვე არსებობს.
"ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, მაგრამ არ უნდა ვიყოთ ჩართული ამ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაში. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ის საკითხია, რომელიც პირდაპირ ჩვენ არ გვეხება, საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ თავი შევიკავოთ ამ საკითხზე რეაგირებისა და ჩარევისაგან", - აღნიშნა კაკაჩიამ.