რეზონანსი
08.08.2018

 (რეზონანსი)თბილისის მერის დავალებით, მერიის კუთვნილი 42 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ავტოპარკიდან იქნება ამოღებული. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სატრანსპორტო საშუალებები მერიის ავტოპარკიდან უახლოეს პერიოდში იქნება ამოღებული და მუნიციპალიტეტი მათ ახალი, ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებით ჩაანაცვლებს.

„როგორც იცით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო და მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარება. შესაბამისად, თბილისის მერიამ აღნიშნული პროცესი მყისიერად დაიწყო.

ჩემი დავალებით, ყველა ავტომობილის შემოწმება განხორციელდა. ამ ეტაპისთვის, მერიის კუთვნილი 42 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. როგორც გავნაცხადეთ, ეს სატრანსპორტო საშუალებები მერიის ავტოპარკიდან ამოღებული იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ქალაქში ეკოლოგიის თვალსაზრისით, პრობლემას მსუბუქი ავტომობილებიც ქმნიან. კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, რომელთაგან 50 პროცენტზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია.

„სწორედ ასეთი ავტომობილები აბინძურებენ გარემოს. ის ტენდენცია, რომ მხოლოდ ყვითელი ავტობუსები ქმნიან პრობლემებს, ამას ნამდვილად არ ვეთანხმები. ყვითელი ავტობუსები იმ პრობლემის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ჩვენ ეკოლოგიის თვალსაზრისით გვაქვს, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება და აღნიშნული პრობლემა მოგვარდება. პრობლემას ქმნიან ასევე, პატარა ავტომობილები. ქალაქში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება. აქედან 50 პროცენტზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია და მგონია, რომ ტექდათვალიერება, რომელიც დაიწყო და პირველი იანვრიდან კერძო ავტომობილების მესაკუთრეებისთვისაც სავალდებულო გახდება, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×