სამეგრელოში, კერძოდ კი, ზუგდიდში „მაცხოვრის კარის“ სასაფლაოზე ქალი დასთან ერთად მეცხრე წელია, ცხოვრობს. დოდო ჯოხაძემ ჯერ ქმარი დაკარგა, ორი წლის შემდეგ კი ერთადერთი ვაჟი – დავით (ჯაჯა) ჯანჯღავა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მგლოვიარე დედამ შვილის დაკრძალვა თავდაპირველად საკუთარ ეზოში მოინდომა, თუმცა აზრი შეიცვალა და სასაფლაოზე გადაწყვიტა, სადაც 8 მიცვალებულია. შვილის დაკრძალვიდან დღემდე იქ დასთან, როზა ჯოხაძესთან ერთად ცხოვრობს.
"ერთ წელზე მეტი ღია ცის ქვეშ ვცხოვრობდით. მერე ჩემი შვილის მეგობრების დახმარებითა და ჩემი ფიზიკური შრომით საფლავი საცხოვრებელს დაემსგავსა. აქ არც წყალია და არც ბუნებრივი გაზი. ელექტროენერგია, რა თქმა უნდა, გვაქვს, სველ წეტილებს რაც შეეხება, მარტო საპირფარეშოა. აქვე ახლოს ჩემი ძმა ცხოვრობს და მასთან დავდივართ ხოლმე დასაბანად.
დილით ადრე ვდგები. პირველ რიგში, ვანთებ სანთელს და ლოცვებს ვკითხულობ, შემდეგ კი ჩემს შვილს ყავას ვუხარშავ და საფლავთან ვუდგამ. მერე როგორც ოჯახში ხდება ხოლმე, სხვა საქმეებსაც ვაკეთებ. როცა საკურთხის დღეა, დათოს მეგობრები, ახლობლები და ნათესავები მოდიან და აღვნიშნავთ", - აცხადებს დოდო ჯოხაძე.